ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.
ქარჩავას განცხადებით, დეკანოზის სარჩელი შეეხებოდა მის განცხადებას, რომლის მიხედვით, მამალაძემ შესაძლოა, 50 მილიონი ევრო გაათეთრა.
“ამის გამო, პატივისა და ღირსების შელახვისთვის მიჩივლეს, მაგრამ სასამართლომ არ მიიღო სარჩელი და საინტერესოა რატომ”, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს ადვოკატი, ედიშერ ქარჩავა, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ფულის გათეთრებაში ადანაშაულებდა. განცხადება საპატრიარქოს იურისტმა გადაცემა “განსხვავებული აქცენტებში” გააკეთა.
ქარჩავას თქმით, საპატრიარქოში იციან დოკუმენტის შესახებ, სადაც ჩანს, რომ დეკანოზი 50 მილიონი ევროს გათეთრებას აპირებდა. მან აღნიშნა, რომ არსებობს მამალაძის ხელმოწერილი ხელშეკრულება. კომპანია დარეგისტრირებულია ესპანეთში, ხოლო ტრანზაქცია უკრაინიდან უნდა განხორციელებულიყო.