“ბავშვთა სამყაროში” ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს – ამის შესახებ საუბარია საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დასკვნაში. საქმეს პროკურატურა იძიებს. დაზარალებულები გამოძიების შედეგებს სწორედ შოთაძის უწყებისგან ელიან და პროკურატურისგან ინფორმაციის მიწოდებას ითხოვენ.
მთავარ საგამოძიებო უწყებაში კი განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე საქმეზე ძირითადი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ამოწურული არ არის და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ დაზარალებულებისთვის საქმის მასალების, მათ შორის საქმეზე მიღებული ექსპერტიზის დასკვნების გაცნობა.
პროკურატურამ მოვაჭრეების ადვოკატს გაუთქმელობის დოკუმენტზე ხელის მოწერა სთხოვა.
შეგახსენებთ, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული “ბავშვთა სამყარო” 30 იანვარს დაიწვა, რამაც მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. დაზარალებულებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს და ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს.
21 თებერვალს კი მათ დამწვარ “ბავშვთა სამყაროსთან” შიმშილობის აქციაც დაიწყეს, თუმცა დიდხანს არ უშიმშილიათ. აპრილის დასაწყისში დაზარალებულები საკრებულოს უმრავლესობის წევრებს შეხვდნენ და კომპენსაციის საკითხზე საკრებულოს პოზიცია მოისმინეს. დაზარალებულებს შორის აზრი ორად გაიყო – ნაწილი თანახმა იყო ერთჯერადად 3 ათას ლარიან კომპენსაციაზე, ნაწილი კი არა. მოგვიანებით ისინი მერიის მიერ შეთავაზებულ კომპენსაციას დათანხმდნენ.