შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ბიუროსა და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) N9 სასაზღვრო სექტორის (ვახტანგისი) დასაცავ მონაკვეთზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ამირ ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).