ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში დამსვენებლებს სიახლეები ელით: რა ფასად დაისვენებთ კურორტზე

საკურორტო სეზონი თანდათან ახლოვდება.  საზოგადოების დიდი ნაწილი ცხელი ზაფხულის  ზღვიან მხარეში გატარებას  ამჯობინებს.  ბათუმი საქართველოსთვის უკონკურენტო საზღვაო  კურორტად რჩება. სწორედ ამიტომ,  „მეტრონომი“ გთავაზობთ ბათუმში არსებულ სიახლეებსა და ფასებს  – თუ რა დაგიჯდებათ წელს ზღვის აღნიშნულ კურორტზე დასვენება და რას გთავაზობთ განახლებული ქალაქი.

როგორც ბათუმელები „მეტრონომთან“ ამბობენ, დამსვენებლებითა და ტურისტებით ყველაზე გადატვირთული თვე აგვისტოა. თუმცა სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ტურისტების სიმცირე არც ახლა  შეინიშნება. ძირითადად ჭარბობენ რუსი და უკრაინელი სტუმრები.

წელს ბათუმის ბულვარზე დამსვენებლებს სიახლეები ელით. ქალაქში სანაპირო ზოლი და ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია.  „მეტრონომს“ ბათუმის ბულვარის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ 14 ათას კვადრატულ მეტრზე ბულვარში ხეივნები მოპირკეთდა. ასევე, გამოიცვალა შიდაკომუნიკაციები, საკანალიზაციო სისტემა და ახალი დეკორატიული ფილები დაიგო.

„ტურისტულ სეზონზე უფასო საშხაპეები იქნება, რომელიც უკვე დამონტაჟდა. ასევე, იქნება ახალი გასახდელები. ზღვაზე მისასველად ხის  ბილიკები გაკეთდა (რა თქმა უნდა, შშმ პირებზე ადაპტირებული). მომხმარებელს შეუძლია უფასოდ ისარგებლოს აღნიშნული სერვისებით.

წელს სიახლეა – შეზლონგზე და მზის ქოლგაზე მინიმალური ფასები იქნება: ქოლგის ღირებულება 1 ლარია, ხოლო შეზლონგის კი  – 3. მოიჯარეს არ აქვს უფლება, რომ ფასი მოუმატოს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბათუმის მთლიან პლაჟზე ეს ფასები იქნება. ჯამში დამსვენებლებს აღნიშნული სერვისით სარგებლობა 4 ლარად შეეძლებათ“- განუცხადეს „მეტრონომს“ ბათუმის ბულვარის პრესსამსახურში.

მათი თქმით, მომავლისთვის ბათუმის ბულვარში კიდევ იგეგმება სხვადასხვა სამუშაოები, თუმცა ჯერ ბიუჯეტის დადგენის ეტაპი მიმდინარეობს. შესაბამისად, თუ რა სახის სამუშაოები განხორციელება, ჯერჯერობით უცნობია.

რაც შეეხება ბინების ფასებს, ისინი ადგილმდებარეობის მიხედვით განისაზღვრება. სანაპირო ზოლთან ახლოს ერთოთახიანი ბინის ქირაობა საშუალოდ, დღეში 60-70 ლარიდან იწყება. ძირითადად ბინა ახალაშენებულ კორპუსებში ქირავდება, რომელიც გარემონტებულია და კეთილმოწყობილია ყველა საჭირო ტექნიკით და ინვენტარით. თუ მხოლოდ ერთი ოთახის ქირაობა გსურთ, ფასები დაახლოებით 25-30 ლარიდან იწყება.

როგორც „მეტრონომს“ ერთ-ერთი ბინის მეპატრონემ განუცხადა, ახლა, როცა დამსვენებლების რაოდენობა ჯერ ისეთი ჭარბი არ არის, როგორც აგვისტოში, ბინები შედარებით იაფია, თუმცა მისი თქმით, აგვისტოში ბინები, რომლებიც ბულვართან ახლოს მდებარეობს, დოლარებში ქირავდება და საშუალოდ, დღეში 70-80$ ღირს. რა თქმა უნდა, თუ ბინა ზღვასთან ძალიან ახლოსაა, ფასი იმატებს.

რაც შეეხება კვებას, რესტორნებისა და კაფეების ფასები  ხარისხების მიხედვით განისაზღვრება.

ნაყინის შემთხვევაში,  ბათუმის ბულვარში 100 გრამის ღირებულება  3 ლარია, თუმცა მოშორებით მისი ყიდვა უფრო ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი. ზოგადად, ბულვარში ყველაფრის ფასი შედარებით მაღალია.

ავტორი: ნინო ცხადაია

19401130_10213413034618234_1594038810_o19400810_10213413033058195_2081035490_o19401384_10213413034458230_1390328241_o

 

იტვირთბა....