აშშ-ს მედიის ინფორმაციით, ქართველ მსოფლიო ჩემპიონატს ავთანდილ ხურციძეს, რომლიც კრიმინალურ დაჯგუფებასთან თანამშრომლობის ბრალდებით არის დაკავებული, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოერთვა.
თუმცა ამ ინფომაციას, თავად ქართველ სპორტსმენი ხურციძე WBO ვერსიით მოგებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის ჩამორთმევას უარყოფს. ამის შესახებ განცხადება სპორტსმენის Facebook გვერდზე გავრცელდა.
“ავთანდილ ხურციძეს WBO ვერსიით მოგებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული და ჩემპიონის ქამარი არ ჩამორთმევია. უბრალოდ მას შეუჩერდა მოქმედი ჩემპიონის სტატუსი და WBO-ს საშუალო წონის მოქმედი ჩემპიონის ტიტული შესაბამისად დღეს ვაკანტური გახდა.”- ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში 8 ივნისს დაკავებულ სპორტსმენს ავთანდილ ხურციძეს კრივში მსოფლიოს ჩემპიონის ქამარი დროებით ჩამოართვეს. ეს გადაწყვეტილება მსოფლიო კრივის ორგანიზაციამ მიიღო და სპეციალური რეზოლუციით დაადასტურა.
“ვინაიდან ავთანდილ ხურციძე ვერ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, როგორც WBO-ს დროებითი ჩემპიონი იბრძოლოს ჩემპიონატზე და ვინაიდან დაგეგმილი ჩემპიონატი გაუქმდა, ამ რეზოლუციით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ავთანდილ ხურციძის – საშუალო წონით კატეგორიაში დროებითი ჩემპიონის ადგილი გათავისუფლდეს.” – წერია დოკუმენტში. WBO ავთანდილ ხურციძეს 10-დღიან ვადას აძლევს გასაჩივრებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ტიტულის ჩამორთმევის გადაწყვეტილება, დოკუმენტის მიხედვით, საბოლოო იქნება და ვეღარ გადაიხედება.
37 წლის ავთანდილ ხურციძემ კრივში WBO-ს დროებითი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 22 აპრილს მოიპოვა, ინგლისის ქალაქ ლესტერში, მანამდე დაუმარცხებელ ბრიტანელ ტომი ლენგფორდთან მოპოვებული გამარჯვებით. მან მოწინააღმდეგე მე-5 რაუნდში ნოკაუტში გაგზავნა და ორთაბრძოლა მოიგო.
დროებითი ჩემპიონის ქამარი ქართველ მოკრივეს 8 ივლისს, ლონდონის Copper Box Arena-ზე, სრულფასოვან ჩემპიონ ბრიტანელ ბილი ჯო სანდერსთან დაგეგმილი ბრძოლით უნდა დაეცვა, თუმცა მისი დაპატიმრების გამო ჩემპიონატი გადაიდო და მომხდარმა არამხოლოდ მის კარიერას შეუქმნა საფრთხე, არამედ მოქმედი ჩემპიონის გეგმებიც შეცვალა. სანდერსი ჩემპიონის ქამრის დაცვას დაპატიმრებული ქართველი მეტოქის გამო ვეღარ ახერხებს. ის ჩემპიონატს გაურკვეველი ვადით გამოეთიშა, რადგან ხურციძეს შემცვლელი WBO-ს წესების მიხედვით ვერ ეყოლება.
ცნობისთვის, ავთანდილ ხურციძეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. ის 15 ქართველთან ერთად ამერიკაში კრიმინალური დაჯგუფების წევრობისთვის დააკავეს. ხურციძე თავს დამნაშავედ არ ცნობს.