თბილისში წუხელ მოსულმა ძლიერმა ნალექმა პრობლემები შექმნა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, წვიმის გამო, თბილისის მასშტაბით, 25-მდე შეტყობინება დაფიქსირდა. სააგენტოში აცხადებენ, რომ დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ შესულა. მათი ინფორმაციით, წვიმის შედეგად განსაკუთრებით, ვაკე-საბურთალო, დიდუბე-ჩოღურეთი და გლდანი-ნაძალადევი დაიტბორა.
” წვიმის შედეგად დაიტბორა ეზოები და საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოები, არ არიან დაშავებულები. ამ ეტაპზე ვითარება სტაბილურია. ყველა შემოსულ შეტყობინებაზე ოპერატიული რეაგირება მოვახდინეთ. ჩვენი სამაშველო ჯგუფები დროულად გავიდნენ და განახორციელეს სამაშველო სამუშაოები. ამ ეტაპზე ვითარება კონტროლირებადია”, – ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.