„მონარქიას პლიუსები აქვს. გრძელვადიან პერსპექტივაში ამაზე ფიქრი შეიძლება”,- ასეთი განცხადება გააკეთა პარლამენტის სპიკერმა, ირაკლი კობახიძემ, პატრიარქთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
მისი განცხადებით, პატრიარქის სიტყვას “ქართული ოცნებისთვის” განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კობახიძემ აღნიშნა, რომ ყველა მმართველობის სისტემას, მათ შორის – კონსტიტუციურ მონარქიას თავისი სერიოზული უპირატესობები აქვს.
„ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პატრიარქის თითოეულ სიტყვას. შედგა საუბარი ჩვენსა და პატრიარქს შორის. ჩვენ თითოეულ ამ სიტყვასთან დაკავშირებით სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ. ყველა მმართველობის სისტემას, მათ შორის, კონსტიტუციურ მონარქიას, აქვს თავისი სერიოზული უპირატესობები. პატრიარქმაც ბრძანა, რომ კონსტიტუციური მონარქია არის სიმშვიდის შემომტანი მმართველობის სისტემაში და ზოგადად, პოლიტიკურ სისტემაში. ჩვენ შეგვიძლია, გრძელვადიან პერსპექტივაში რა თქმა უნდა ვიფიქროთ ზოგადად ამაზე. ისეთ პრინციპულ საკითხზე, როგორიც არის კონსტიტუციური მონარქიის შემოღება, უნდა იყოს რაც შეიძლება, ფართოდ საზოგადოების აზრი და მხოლოდ ასეთ პირობებში შეიძლება იქნას გადაწყვეტილება მიღებული ასეთი მმართველობის ფორმის შემოღების თაობაზე”,- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, პატრიარქმა თავის ქადაგებაში განაცხადა, რომ მონარქიას სიმშვიდე მოაქვს, რასაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა საზოგადოებაში.