საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ. მოსმენების კანონის პაკეტთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის სტატუსით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და საქართველოს კონსტიტუციასთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შეუსაბამო მუხლების გაუქმებას ითხოვს.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს ე.წ. მოსმენების კანონთან მიმართებაში არაერთხელ აქვს გამოყენებული ვეტო, რადგან მიაჩნდა, რომ შემოთავაზებული კანონპროექტი არ აყალიბებდა დამოუკიდებელ სტრუქტურას, რომელიც განახორციელებდა მოსმენებს – ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს.
„შესაბამისად, პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს სასამართლოს მეგობრის სტატუსით, რათა გაუქმდეს მოსმენების კანონში მუხლები, რომლებიც შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.
შესაბამის დოკუმენტს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალ შეიტანს.