“ჩემთვის ეს არის ქვეყნის სამართალდამცველების შეურაცხყოფის მცდელობა”- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა “პრაიმტაიმთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში “ბირჟა მაფიას” კლიპის შესახებ განაცხადა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მან აღნიშნული კლიპი მოგვიანებით ნახა, როცა ჯგუფის წევრების დაკავება მათ ნამუშევარს დაუკავშირეს.
,,სხვათა შორის, აქამდე არ გამიკეთებია ჩემი შეფასება ამ ახალგაზრდების კლიპთან დაკავშირებით და ახლა პირველად დავაფიქსირებ ჩემს მოსაზრებას. სიმართლე გითხრათ, ეს კლიპი მოგვიანებით ვნახე, როცა მათი დაკავება მათ ნამუშევარს დაუკავშირეს. არც იმდენი თავისუფალი დრო მაქვს, რომ ინტერნეტში რომელიმე რეპ-ჯგუფის სიმღერებს ვუსმინო. მაგრამ, თუ გამოხატვის თავისუფლებაზე ვისაუბრებთ, მგონი, მეც მაქვს უფლება, გამოვხატო ჩემი აზრი, როგორც მოქალაქემ და როგორც ამ ქვეყნის შს მინისტრმა. ჩემთვის ეს არის ქვეყნის სამართალდამცველების შეურაცხყოფის მცდელობა. ეს არ იყო ერთი რომელიმე კონკრეტული ფიგურის გაშარჟება, ეს იყო განზოგადებულად – მთელი პოლიციის დაკნინების მცდელობა. პოლიცია კი არის ის, რაზეც ქვეყნის უსაფრთხოება დგას და სადაც ბევრი, საქმისა და ქვეყნისადმი თავდადებული და პროფესიონალი ადამიანი მუშაობს”, – განუცხადა ექსკლუზიურად ,,პრაიმტაიმს” შს მინისტრმა.