“დიდი მოლოდინი გვაქვს საქართველოს მთავრობისგან, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე ძალიან მალე იქნება გამოძიება ჩატარებული”, – ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰაიკე ფაიჩიმ განაცხადა.
ელჩის თქმით, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა საქართველოში მოითხოვა თავშესაფარი და შემდეგ გაუჩინარდა.
”ამ გარემოებას ჩვენ დიდი წუხილით ვაკვირდებით და დიდი მოლოდინი გვაქვს მთავრობის მხრიდან, რომ ეს შემთხვევა ძალიან მალე იქნება გამოძიებული. უნდა გაირკვეს ის გარემოებები, თუ რატომ მოხდა ეს. საქართველოს დემოკრატიის გზაზე აქვს პასუხისმგებლობა, რომ დაცული იქნას ადამიანის უფლებები და ეს შემთხვევა არ შეესაბამება ზუსტად ამ სტანდარტებს. ჩვენი მთავრობა, ჩვენი საელჩო და სამოქალაქო საზოგადოება დიდი ინტერესით ვაკვირდებით ამ შემთხვევას და დიდი მოლოდინი გვაქვს საქართველოს მთავრობისგან, რომ ძალიან მალე იქნება გამოძიება ჩატარებული”, – განაცხადა ელჩმა.
შეგახსენებთ, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი თბილისში რამდენიმე ხნის წინ გაუჩინარდა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ის აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა დაკავებული. მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.