ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძემ ვენეციის კომისიისთვის შეთავაზებული ბონუსის მექანიზმის სამი პრინციპი განმარტა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ, საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიისთვის შეთავაზებული ბონუსის მექანიზმის სამი პრინციპი განმარტა:

“პარლამენტის თავმჯდომარე და პირველი ვიცე სპიკერი ამ მომენტში უკვე იმყოფებიან ვენეციიის კომისიის სხდომაზე, სადაც განიხილება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული დასკვნები. ირაკლი კობახიძემ წინსწრებით წარადგინა ჩვენი გუნდის პოზიცია იმ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც საპარლამენტო არჩევნების სისტემას და კერძოდ, ბონუსის მექანიზმს ეხება. ჩვენი შეთავაზება, რომელიც ვენეციის კომისიისთვისაც მისაღებია, ერთობლიობაში მოიცავს სამ წესს:

1. აბსოლუტური ზედა ზღვრის დაწესება, რომლის თანახმადაც პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსის გამოყენებით შევსებას მხოლოდ 89 მანდატამდე მიიღებს. ანუ, წესდება ზედა ჩამკეტი ზღვარი, 89 მანდატი;

2. ფარდობითი ზღვარი: რომლის თანახმადაც პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსის სახით ვერ მიიღებს მის მიერ არჩევნებში მოპოვებული მანდატების 35%-ზე მეტს. დანარჩენი გადაუნაწილებელი მანდატები განაწილდება პროპორციული წესით;

3. აბსოლუტური ქვედა ზღვარი, რომლის თანახმადაც თუ პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსის გამოყენებით ვერ აგროვებს უბრალო უმრავლესობას, ანუ 75 მანდატზე მეტს, ის ბონუსს ვეღარ მიიღებს და გაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად გადანაწილდება.

ამ პრინციპებზე ვენეციის კომისიასთან წინასწარი მსჯელობა შედგა და შეთანხმება მიღწეულია. შესაბამისად, ჩვენ მივესალმებით რეკომენდაციას ბონუსის შესახებ უკვე საბოლოო დასკვნაშიც. ამ პრინციპების გამოყენებით, ბონუსის მექანიზმი გამორიცხავს რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ პარლამენტში მანდატების ჭარბ კონცენტრაციას, შესაბამისად, საპარლამენტო პროცესში პირველ ადგილზე გასული პარტიის და ოპოზიციური პარტიების სრულფასოვან მონაწილეობას უზრუნველყოფს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ასევე, საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ჟურნალისტებს ვენეციაში, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ესაუბრა:

„საკონსტიტუციო რეფორმა კარგი, წინ გადადგმული ნაბიჯია. როგორც ადრე არაერთხელ აღმინიშნავს, ჯერ კიდევ 90-დან ჩვენ საქართველოსთან ვთანამშრომლობთ, რათა უკეთესი კონსტიტუცია მივიღოთ. ახლა კი ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველო უახლოვდება ძალიან კარგ კონსტიტუციას, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან. ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებების უმეტესობა მოიწონა. არის კიდევ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, თუმცა ჩვენ სწორ გზაზე ვართ და საუკეთესო გადაწყვეტილებას გამოვძებნით“, – განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა.

დღეს, 16 ივნისს, ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტზე საბოლოო დასკვნას დაამტკიცებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არაერთხელ გაცხადებული პოზიციის თანახმად, ხელისუფლება მზად არის ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინოს.
კერძოდ, ვენეციის კომისიის წინასწარი მოსაზრებების მიხედვით, პრეზიდენტის ირიბი წესით არჩევნები არ უნდა ნიშნავდეს მუდმივად და ექსკლუზიურად საპარლამენტო უმრავლესობის კანდიდატის გამარჯვებას. შესაბამისად, ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის არჩევისათვის პირველ ტურში შემოღებული იყოს კვალიფიციური უმრავლესობა. წინასწარი დასკვნის მიხედვით, ასევე უნდა გაუქმდეს მოსამართლეთა პრობაცია. კომისია რეკომენდაციას გასცემს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, მთავარი პროკურორის და სახალხო დამცველის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის სასარგებლოდ. ვენეციის კომისიამ ასევე უარყოფითად შეაფასა კონსტიტუციის პროექტში არსებული აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საარჩევნო წელს არჩევნების მარეგულირებელი ნორმების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე.

იტვირთბა....