ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ვენეციის კომისია: საქართველო უახლოვდება ძალიან კარგ კონსტიტუციას

საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ჟურნალისტებს ვენეციაში, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ესაუბრა:

„საკონსტიტუციო რეფორმა კარგი, წინ გადადგმული ნაბიჯია. როგორც ადრე არაერთხელ აღმინიშნავს, ჯერ კიდევ 90-დან ჩვენ საქართველოსთან ვთანამშრომლობთ, რათა უკეთესი კონსტიტუცია მივიღოთ. ახლა კი ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველო უახლოვდება ძალიან კარგ კონსტიტუციას, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან. ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებების უმეტესობა მოიწონა. არის კიდევ მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, თუმცა ჩვენ სწორ გზაზე ვართ და საუკეთესო გადაწყვეტილებას გამოვძებნით“, – განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა.

დღეს, 16 ივნისს, ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტზე საბოლოო დასკვნას დაამტკიცებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არაერთხელ გაცხადებული პოზიციის თანახმად, ხელისუფლება მზად არის ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინოს.
კერძოდ, ვენეციის კომისიის წინასწარი მოსაზრებების მიხედვით, პრეზიდენტის ირიბი წესით არჩევნები არ უნდა ნიშნავდეს მუდმივად და ექსკლუზიურად საპარლამენტო უმრავლესობის კანდიდატის გამარჯვებას. შესაბამისად, ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის არჩევისათვის პირველ ტურში შემოღებული იყოს კვალიფიციური უმრავლესობა. წინასწარი დასკვნის მიხედვით, ასევე უნდა გაუქმდეს მოსამართლეთა პრობაცია. კომისია რეკომენდაციას გასცემს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, მთავარი პროკურორის და სახალხო დამცველის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის სასარგებლოდ. ვენეციის კომისიამ ასევე უარყოფითად შეაფასა კონსტიტუციის პროექტში არსებული აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საარჩევნო წელს არჩევნების მარეგულირებელი ნორმების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე.

იტვირთბა....