„შენების მოძრაობა“- საქართველოში ახალი პოლიტიკური პარტია დაფუძნდა. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღეს ახალი პოლიტიკური პარტიის პრეზენტაცია გამართა. უსუფაშვილის თქმით, ახალი პარტია “თანამონაწილეობაზე დაფუძნებული, ფართო საზოგადოებრივი სპექტრის მომცველი ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური ძალა იქნება”.
რა შანსები აქვს ახალ პოლიტიკურ ძალას და რა სახის მოთამაშე იქნება ქართულ პოლიტიკაში დავით უსუფაშვილი. როგორი დაკვეთაა ახლა ქართულ საზოგადოებაში და რა იდეებით შემოდიან უსუფაშვილი და მისი გუნდის წევრები. ამის შესახებ „მეტრონომი“ პოლიტოლოგებს ესაუბრა. მათი თქმით, უსუფაშვილი ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე არ არის, თუმცა, ის ოპოზიციურ ძალასთან შუამავლის როლის შესრულებას შეეცდება.
უსუფაშვილის განცხადებით, მოძრაობის საბოლოო ფორმირების პროცესი 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება. პარტია მონაწილეობას მიიღებს როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ისე 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. „შენების მოძრაობა“ საკუთარ კანდიდატებს ივლისის დასაწყისში წარადგენს.
დავით უსუფაშვილის თქმით, მოძრაობის სადამფუძნებლო პრინციპები და ლოზუნგია – ”რაც კარგია ვუვლით, რაც ცუდია ვცვლით, რაც გვაკლია, ვქმნით”.
„ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა დაეფუძნება პოლიტიკური და პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და პრინციპების განუხრელ დაცვას:
ჯერ ქვეყანა, მერე პარტია;
ჯერ პროგრამა, მერე ხელისუფლება;
პრინციპულობა და არა სიჯიუტე;
ერთ-ერთობა და არა ერთადერთობა;
კონკურენცია და არა მტრობა;
კრიტიკა და არა შეურაცხყოფა;
შემკრებობა და არა გამთიშველობა;
კვალიფიციურობა და არა ზედაპირულობა;
დიალოგი და არა მონოლოგი;
სიყვარული და არა სიძულვილი”, – აცხადებენ პარტიაში.
“შენების მოძრაობაში” ახალ სახეებთან ერთად იქნებიან – ვახტანგ ხმალაძე, რეზო შავიშვილი და კახა შარტავა.
დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა.
პოლიტოლოგი გია ნოდიაა „მეტრონომთან“ ამბობს, რომ დავით უსუფაშვილის მიერ ახალად შექმნილ პარტიას „შენების მოძრაობა“ ნაკლები შანსები აქვს, რადგანაც მის გვერდით ახალი სახეები ნაკლებად არის წარმოდგენილი.
მისი აზრით, უსუფაშვილმა ძველ „რესპუბლიკურ“ პარტიაში თავის მაქსიმუმს – პროცენტნახევარს მიაღწია, ამიტომაც მას გუნდში ძველი პოლიტიკოსები არ უნდა მიეწვია, რომელთაც მოსახლეობაში დიდი რეიტინგი არა აქვთ.
ნოდიას განცხადებით, უსუფაშვილს აქვს თავისი ძლიერი მხარეები, მაგრამ მას პოლიტიკური გუმანი არ გააჩნია. პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ უსუფაშვილი ნიჭიერი პოლიტიკოსი არ არის და პოლიტიკურ ვარიანტებს ვერ თვლის.
„დავით უსუფაშვილის პოლიტიკურ ლიდერად შექმნას ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ. ვფიქრობ, რომ ის ქართულ პოლიტიკაში ნაკლებად პერსპექტიური ფიგურაა. უსუფაშვილი უფრო პოლიტიკური ბროკერია, რომელიც შეეცდება, რომ კოალიციები შექმნას და პოლიტიკურ ჯგუფებს შორის უფრო შუამავლის როლი შეასრულოს. მემგონი თავად უსუფაშვილსაც კარგად ესმის, რომ თავის პარტიას რაც არ უნდა დაარქვას, აქედან არაფერი გამოვა.
ახლა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მკაფიო დაკვეთები არ არის, რაც უსუფაშვილს სიტუაციას კიდევ უფრო ურთულებს. საზოგადოების განწყობა სრულიად აპათიურია და ხალხი გარკვეული მოლოდინის რეჟიმში იმყოფება. ამიტომ უსუფაშვილს და მის გუნდს თავად მოუწევს ისეთი შეთავაზებების მოფიქრება, რაც საზოგადოების დაინტერესებას გამოიწვევს. ჯერჯერობით, მოსახლეობის დაკვეთებზე უსუფაშვილს რაიმე მკაფიო პასუხი არ გაუცია.
ახლა, „ნაციონალური მოძრაობაც“ გაიყო და „ევროპული საქართველოც“ პოლიტიკურ სივრცეში ახალი ნიშის დაკავებას ცდილობს. ასევე არსებობს „გირჩიც“, რომელსაც ყველაფრის მიუხედავად, თავისი მომხრეები ჰყავს. ამიტომ უსუფაშვილს საკმაოდ კრეატიული გუნდი და ლიდერები სჭირდება, რომელიც კონკურენციაში შევა“, – ამბობს ნოდია „მეტრონომთან“.
პოლიტოოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ დავით უსუფაშვილის წარმატება, პირველ რიგში, მის სამოქმედო გეგმაზე იქნება დამოკიდებული.
ძაბირაძე ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ფიგურები საკმაოდ დეფიციტურია, შესაბამისად, უსუფაშვილს დიდი არჩევანის საშუალება არ ჰქონდა. ამიტომაც არის, რომ მის პარტიაში როგორც „რესპუბლიკური“ პარტიის, ასევე „ეროვნული ფორუმის“ წევრები არიან წარმოდგენილები.
ძაბირაძის აზრით, კახა შარტავა საკმაოდ წონიანი ფიგურაა, რომელიც უსუფაშვილის პარტიაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იქნება. მისი თქმით, დრო გვიჩვენებს, დავით უსუფაშვილს ქართული საზოგადოება რა სახის პოლიტიკურ მოთამაშედ აღიქვამს.
„დავით უსუფაშვილის პარტიის წარმატება პირველ რიგში იქნება იმაზე დამოკიდებული, როგორი იქნება მათი ორგანიზაციული განფენილობა. რაც შეეხება იდეოლოგიას, არ მგონია, რომ რაიმე ახალი და გასაოცარი რამე ჰქონდეთ მოფიქრებული.
თუმცა, ვთვლი, რომ თუ ქართულ პოლიტიკაში ფეხის მოკიდება უნდათ, რაიმე მნიშვნელოვანი სიახლეები უნდა შემოიტანონ. თუ ანგარიშგასაწევ ძალად უნდათ რომ ჩამოყალიბდნენ, მათ საზოგადოებისთვის ძალიან ბევრი იდეების შეთავაზება მოუწევთ. ამის შემდეგ მათი დინამიკაში შეფასება უფრო ადვილი გახდება.
არჩევნების შემდეგ მთლიანად მთელი ოპოზიციური სპექტრი დაიშალა და თავის აღდგენას ახალი ძალებით ცდილობს. ხდება ახალი ოპოზიციური ფლანგის ფორმირება.
არა მხოლოდ უსუფაშვილის არამედ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ასევე „ევროპული საქართველოს“ და „გირჩის“ შემთხვევაში. ამ ოპოზიციური ფლანგების ტესტირება, წლის ბოლოსთვის ადგილობრივ არჩევნებზე მოხდება და საზოგადოებასთან ერთად, თავად ეს პოლიტიკური პარტიებიც ნათლად დაინახავენ ვის რისი შანსები აქვს. ადგილობრივი არჩევნები გარკვეულ კორექტივებს შეიტანს და კიდევ ერთხელ მოხდება ოპოზიციური პოლიტიკური ფლანგის დათვალიერება“, -ამბობს ძაბირაძე „მეტრონომთან“.
ავტორი: ელზა პაპოშვილი