წუხელ გორის ვიცე-მერის გოგა რაზმაძის ბინა დააყაჩაღეს, როგორც ადგილობრივები ყვებიან, ქალის ფორმაში გადაცმულმა ქურდებმა სახლში შეაღწიეს და ფულის წაღება მოახერხეს. ძარცვის დროს სახლში ძიძა 9 თვის ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა. მეზობლების თქმით, ნიღბიანმა პირებმა მას თავში ჩაარტყეს და ფული მოსთხოვეს.
“როგორც ჩვენ გავიგეთ, ბავშვების დედა საბავშვო ბაღში იყო წასული უფროსი შვილების მოსაყვანად. სახლში ძიძა იყო მარტო 9-თვის ტყუპებთან ერთად. დედა ბინაში სადღაც 15 წუთის შემდეგ დაბრუნებულა. სწორედ, იმ 15 წუთში მომხდარა ეს ყაჩაღობა. გოგას ოთხი შვილი ჰყავს”, – განაცხადეს მეზობლებმა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტიკები მუშაობენ.
როგორც შს სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს. ეს არის ყაჩაღობა ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლების მიზნით.