საქართველოს განათლების მინისტრი და ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აბსოლუტურად გამჭვირვალედ და დროულად უნდა ჩაატაროს გამოძიება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე.
მინისტრი იმედოვნებს, რომ ქართული ძალოვანი უწყებები, ყველა კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემენ. მან ეს განცხადება, ევროპარლამენტის მიერ აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციისა და ევროპარლამენტარების განცხადებების შეფასებისას გააკეთა.
“აბსოლუტურად ვიზიარებთ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მაქსიმალურად გამჭვირვალედ და დროულად უნდა ჩაატაროს გამოძიება ისე, რომ არც ერთი კითხვის ნიშანი არ დარჩეს და სწორედ ამით არიან შესაბამისი სტრუქტურები დაკავებული.
მე როგორც ვიცი, ასობით მოწმის დაკითხვაზე, ვიდეოკამერების მასალების შემოწმებაზეა საუბარი. მოკლედ პროცესი მიმდინარეობს”, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა დღეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია რამდენიმე პუნქტისგან შედგება, სადაც ევროპარლამენტარებმა როგორც აზერბაიჯანის, ისე საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს. მათ აზერბაიჯანის ხელისუფლებას აფგან მუხთარლის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ, საქართველოს ხელისუფლებას კი საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდეს.
აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, 29 მაისს თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს, ოჯახის მტკიცებით, მუხთარლი გაიტაცეს და საზღვარზე იძულებით უკანონოდ გადაიყვანეს, ვინაიდან მას პასპორტი თან არ ჰქონია. მათივე მტკიცებით, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ასევე 10 ათასი ევრო ჩაუდეს.
დახურული სასამართლო პროცესის შემდეგ 31 მაისს, ბაქოს საბალის რაიონულმა სასამართლომ მუხთარლის 3-თვიანი წინასწარ პატიმრობა შეუფარდა. აფგან მუხთარლის საზღვრის უკანონო გადაკვეთის, კონტრაბანდისა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებები აქვს წაყენებული.