ჟურნალისტ სალომე ასათიანისა და გოგი გვახარიას გადაცემების დახურვის შემდეგ საზოგადოებრივ მაუწყებელზე თანამშრომელთა შორის დაპირისპირება გამოიკვეთა. გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით ხვალ ტელევიზიასთან აქციაც დაიგეგმა.
სალომე ასათიანი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს:
“შენ ვერ იქნები თავისუფალი, მე ვიქნები და ჩემი ნახვით მაინც მიეცი მაყურებელს სიმართლის გაგების შანსი” – ეს სიტყვები, რომლებსაც ია ანთაძე მე მომაწერს, არ მითქვამს. მით უფრო არ მითქვამს, რომ ჩვენ ვართ საზმაუს დამოუკიდებლობის “გარანტი” – როგორც ია გუშინ, რეალური სივრცის ეთერში შეეცადა ჩემი სიტყვების ინტერპრეტაციას.
მე ვთქვი მხოლოდ ორი რამ: 1 – როცა საზოგადოებრივ მაუწყებელში მოდის ახალი მენეჯმენტი კავშირებით ივანიშვილის ტელევიზიებთან და პირველ რიგში წყვეტს თანამშრომლობის უკვე შემდგარ ტრადიციას პარტნიორ და დამოუკიდებელ მედიასაშუალებასთან, ეს აღრმავებს გონივრულ ეჭვებს, რომ მენეჯმენტს ინფორმაციის ცენტრალიზება სურს; 2 – მით უმეტეს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სწორედ პოლიტიკური – და, აქედან გამომდინარე სოციოპოლიტიკური – თემატიკა იყო ის მიმართულება, რომელიც საზმაუმ კონკურსში არ შეიტანა და აცხადებს, რომ ამ შინაარსის გადაცემები მხოლოდ შიდა რესურსით უნდა მომზადდეს. რატომ და როგორ შეუშლიდა ხელს ჩვენი გადაცემები და რადიო თავისუფლებასთან თანამშრომლობა მენეჯმენტის გრანდიოზულ გეგმებს და საზმაუს ბიბისიდ გადაქცევას, მხოლოდ ეს იყო და არის გაუგებარი ჩემთვის.
არც დავწერდი ამას, მაგრამ რავიცი, სიტყვების და ციტატების სიზუსტე მნიშვნელოვანია ჟურნალისტიკაშიო გამიგია და იმედი მაქვს, საზმაუ ასეთი ინტერპრეტაციებით არ აპირებს სარედაქციო პოლიტიკის წარმართვას მომავალში. თან შინაარსის გარდა, ფორმითაც მეხამუშა რაც მომაწერეს.
“მხოლოდ მე ვარ დამოუკიდებელი” – ასეთ გრანდიოზულ და პომპეზურ განცხადებებს არ ვაკეთებ ხოლმე, იმედი მაქვს. ჩემი სტილი არ არის უბრალოდ.