პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას განცხადებით, საქართველო აზერბაიჯანის მხარეს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის დაკითხვის უფლების მიცემას სთხოვს. მისი განცხადებით, აზერბაიჯანის და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობა არსებობს.
დეპუტატის თქმით, საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც ამ საქმეს იძიებენ, მიმართული აქვთ აზერბაიჯანის შესაბამისი სამსახურისათვის, რათა მოხდეს აფგან მუხტარლის დაკითხვა ჩვენი საგამოძიებო უწყების მიერ.
“მე მგონია, რომ ეს კარგი და სწორი ნაბიჯია, იმიტომ რომ მისი დაკითხვით ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. საზოგადოებაშიც გაჩენილი ეჭვები გაიფანტება და საქართველოს მიმართაც პრეტენზიები აღარ იქნება.
შეგახსენებთ, დღეს ევროპარლამენტში აფგან მუხტარლის საქმეზე რეზოლუციას – “აფგან მუხტარლის საქმე და აზერბაიჯანში პრესის მდგომარეობა” – უყრის კენჭს. 16-პუნქტიანი დოკუმენტის პირველი 4 პუნქტი საქართველოს ეხება. რეზოლუციის პროექტში საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარება გატაცებადაა შეფასებული. დღევანდელი სხდომის ფარგლებში, მუხტარლის საქმეზე მკვეთრი და კრიტიკული შეფასებები გააკეთეს ევროპარლამენტარებმა.
აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის აზერბაიჯანში დააკავეს. მას ბაქოს საქალაქო სასამართლომ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა. საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.