ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მზია შარაშენიძე ამბობს, რომ ახალი ზოოპარკის მშენებლობა სავარაუდოდ, 3-5 წელი გაგრძელდება.
მისი განმარტებით, ახალ ზოოპარკში, რომელიც თბილისის ზღვის ტერიტორიაზეა განთავსებული, ეტაპობრივად მიმდინარეობს როგორც მშენებლობა, ასევე ცხოველების გადაყვანა.
„ამ დროისთვის უკვე დასრულებულია დათვებისა და მგლების ვოლიერის მშენებლობა, რომელიც გერმანიის მთავრობის დაფინანსებით აშენდა და იქ უკვე გადაყვანილები არიან დათვები და მგლები.
ახლა უკვე მიმდინარეობს ირმებისა და ნიამორების ვოლიერების მშენებლობა და ამის შემდეგ, უკვე ამ ცხოველებს გადავიყვანთ ახალ ტერიტორიაზე“, – აღნიშნა შარაშენიძემ. მისივე თქმით, ზოოპარკის მშენებლობის ტემპი, პირდაპირ არის დაკავშირებული თანხების მოძიებასთან.
რაც შეეხება, ძველ მისამართზე განთავსებულ ზოოპარკს, სტიქიიდან ორი წლის თავზე, მთლიანად მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, აღდგა დაზიანებული ვოლიერები და აშენდა ახლები.
გარდა ამისა, ზოოპარკის კოლექცია ევროპის ზოოპარკებიდან გამოგზავნილი 100-მდე სახეობის ცხოველებით შეივსო. მათი ნახვა, დამთვალიერებლებს, ძველი ზოოპარკის ტერიტორიაზე შეუძლიათ.