ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“როდესაც კლიპის გამოსვლიდან მესამე დღეს ამ ბიჭებს იჭერენ ნარკოტიკით ჯიბეში, ჩნდება ძალიან სერიოზული ეჭვი”

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ჯგუფ “ბირჟა მაფიის”  წევრების დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ კლიპის გამოსვლის მესამე დღეს ბიჭების დაკავება ნარკოტიკით ჯიბეში, სერიოზულ ეჭვს აჩენს.

“როდესაც კლიპის გამოსვლიდან მესამე დღეს ამ ბიჭებს იჭერენ ნარკოტიკით ჯიბეში, ჩნდება ძალიან სერიოზული ეჭვი, რომ ამ კლიპსა და მათ დაჭერას შორის არის კავშირი, – ეს განცხადება, დევნილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა “საზოგადოებრივის” ეთერში, გადაცემა „მთავარში“ „ბირჟა მაფიის“ წევრების საქმეზე საუბრისას განაცხადა. სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ დაკავებულების მიმართ მუქარის განხორციელების დასაშვებობა არსებობს.

„შეიძლება დავუშვათ, მსგავს მუქარას ჰქონდა ადგილი, დაშვების დონეზე, მით უმეტეს ამ დაშვებას ამტკიცებს ისიც, რომ პროკურატურამ საქმე არ შეწყვიტა ამ ბიჭების მიმართ, აღძრა მეორე საქმე ამის პარალელურად, რომელიც არის პოლიციელების წინააღმდეგ. ეს ნიშნავს შემდეგს – არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ შეიძლება, ამ ბიჭებს ნარკოტიკი მართლა ჩაუდეს. სიტყვა „ჩაუდეს“ არაიურიდიული ტერმინია, მაგრამ მაინც“, – განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ  ჯგუფ “ბირჟა მაფიის” წევრებს გიორგი ქებურიას და მიშა მგალობლიშვილს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება.

10 ივნისს, რეპერების მხარდამჭერი აქციები თბილისში, ზუგდიდსა და ბათუმში გაიმართა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გიორგი ქებურიას და მიშა მგალობლიშვილს პოლიციამ ნარკოტიკი ჩაუდო, რომ მათ იმ ვიდეორგოლის გამო სჯიან სადაც პოლიციელებს აშარჟებენ. მათ მუსიკოსების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.

 

 

იტვირთბა....