„ანგელოზი ბავშვი იარაღით არის დაცხრილული“: დედა-შვილის მკვლელობაზე გამგებელი „მეტრონომთან“ ყვება
ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირში სასტიკი მკვლელობა მოხდა. დილით, სოფლის მაცხოვრებლებს 66 წლის დედა და 31 წლის შვილი დახოცილები დახვდათ. როგორც „მეტრონომთან“ სოფლის რწმუნებული ნოდარ კობაძე ყვება, დედა და შვილი ცეცხლსასროლი იარაღით არიან დაცხრილულები.
გამგებლის განცხადებით, ოჯახი საკმაოდ გაჭირვეული იყო და გარდაცვლილმა ქალმა სამი შვილი ობლად გაზარდა. დანარჩენი ორი გოგონა მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ ისინი გათხოვილები არიან და დედასთან არ ცხოვრობენ.
კობაძის თქმით, გამორიცხულია, რომ მათი დახოცვა ვინმეს ძარცვის მიზნით ნდომოდათ. რწმუნებული ამბობს, რომ სახლი არეულიც კი არ იყო და დამნაშავე სახლში მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით იყო მისული, რომ დედა-შვილი დაეხოცა.
„არ ვიცი, ეს რა უბედურება მოხდა. წარმოდგენა არავის გვაქვს, ვის შეიძლება ეს საცოდავი დედა-შვილი მოეკლა. ასეთი სისასტიკე ვის უნდა ჩაედინა. ანგელოზი ბავშვი, უმოწყალოდ, ცეცხლსასროლი იარაღით არის დაცხრილული. სახლიდან არაფერია წაღებული. სავარაუდოდ, მკვლელობა ღამის საათებში მოხდა.
არ ვიცით იძალადეს თუ არ მათზე, ამას ალბათ ექსპერტიზა დაადგენს. მიცვალებულები არც დამინახავს, შოკში ვართ. გაჭირვებული ოჯახი იყო, მათგან ვის რა უნდა წაეღო. ქმარი დიდი ხნის წინ გარდაეცვალა და სამი შვილი საცოდავმა ქალმა ძლივს გაზარდა.
ფაქტია, ვიღაც შურისძიების მიზნით არის შესული. არ ვიცით გოგონას თაყვანისმცემელი ჰყავდა თუ არა. ულამაზესი ბავშვი იყო, სოფელში ყველას უყვარდა. გამორიცხული არ არის, რომ ვინმემ შურისძიების მიზნით ჩაიდინა ეს სისასტიკე. ფაქტია, რომ მკვლელობის განზრახვით არის მისული. ახლა ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და სახლთან ახლოს ვერ მივდივართ“, – ამბობს სოფლის რწმუნებული “მეტრონომთან”.
დახოცილი დედა-შვილის მეზობელი „მეტრონომთან“ ყვება, რომ გარდაცვლილები შემთხვევამდე ორი დღით ადრე, ღამის ათ საათამდე მასთან სტუმრად იმყოფებოდნენ. მისთვის გაუგებარია, ვის შეიძლება ისინი ასე სასტიკად გაემეტებინა. მეზობელი ამბობს, რომ მათ გვიან ღამით მხოლოდ ყრუ გასროლის ხმა გაიგონეს, თუმცა ამისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ.
იფიქრეს, რომ ვიღაცეები ქეიფობდნენ და იარაღს ისროდნენ. ამის შემდეგ მათ გარდაცვლილი დედა-შვილი მხოლოდ ორი დღის შემდეგ დილით აღმოაჩინეს, როდესაც მათ დაძახილზე არ უპასუხეს.
„არ ვიცი რა ვთქვა, გარდაცვალებამდე ღამის ათ საათამდე ჩემთან სტუმარდ იყვნენ. მათთვის რაიმე შფოთვა, ან შიში არ შემიმჩნევია. თუ ვინმე ემუქრებოდა, ხომ იტყოდნენ?! ერთი გაჭირვებული დედა-შვილი იყო. თვიდან თვემდე თავი ძლივს გაჰქონდათ. ღამით ორივე სახლში გავაცილე, საეჭვო არაფერი შემიმჩნევია. როგორც ჩანს, ვიღაც სახლში უკვე ელოდებოდათ. ორივე მისაღებ ოთახში იყო მკვდარი.
სახლში შესვლისთანავეა ნასროლი. გოგონა ოთახის შუაგულში ვიპოვეთ, დედა კი შესასვლელ კარში ვნახეთ. სისასტიკით ჩადენილი მკვლელობაა, ორივე ავტომატით არიან დაცხრილულები. ერთი ვერსია ის გვაქვს, რომ გოგონა ძალიან ლამაზი იყო და შესაძლოა შურისძიების მიზნით მოკლეს.
თუმცა, არ ვიცი ჰყავდა თუ არა შეყვარებული. პოლიცია ადგილზე მუშაობს, იმედი გავქვს, რომ დამნაშავეს იპოვნიან. ვიღაც გადამთიელი აქ არ მოვიდოდა“,- ამბობს მეზობელი „მეტრონომთან“.
როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 109-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, ჩანიშნულია ექსპერტიზა და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
ავტორი: ელზა პაპოშვილი