ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“სამწუხაროდ, მოდად იქცა, რომ პოლიციას ნარკოტიკის ჩადება დავაბრალოთ”

უმრავლესობის წევრი და იურდიული კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ჯგუფ “ბირჟა მაფიას” ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება და ამბობს, რომ საქართველოში ერთგვარ მოდად ჩამოყალიბდა ნარკოტიკის ჩადების თემა. მისი თქმით, ხელოვნურად იქმნება განწყობა, რომ თითქოს პოლიცია ყველა ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ პირს ნარკოტიკს უდებს, ეს დამოკიდებულება ქვეყნისთვის დამღუპველია.

„სამწუხაროდ, ერთგვარ მოდად იქცა და სტერეოტიპად ჩამოყალიბდა ხელოვნურად იმ გარემოს შექმნა, რომ საქმე გვაქვს ჩადებასთან და ადამიანებს აკავებენ – ასეთი მიდგომა დამღუპველია“, – აცხადებს სესიაშვილი.

სესიაშვილის აზრით, საუბარი იმაზე, რომ ბერა ივანიშვილის განცხადებამ მათ გამოშვებაზე გავლენა იქონია, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციებია.

„ეს ფაქტი იყო საზოგადოების ფართო მასების შეშფოთების საგანი და ჩვენ, უმრავლესობაც ყურადღებით ვაკვირდებოდით ამ საქმეს. პრემიერმა განცხადება გააკეთა და ადეკვატურად შეაფასა არსებული მოცემულობა. გამოძიებას უნდა დაველოდოთ, მაგრამ იმ ვითარებაში, როცა არსებობს ეჭვი, რომ შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან გარკვეულ დანაშაულს, ამ ფაქტითაც შესაბამისი გამოძიება დაინტერესდება. ამ ვითარებაში, როგორც ჩანს, პროკურატურა დათანხმდა გირაოს სახით ახალგაზრდების გამოშვებას და სასამართლომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება”, – განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  ჯგუფ “ბირჟა მაფიის” წევრებს გიორგი ქებურიას და მიშა მგალობლიშვილს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება.

10 ივნისს, რეპერების მხარდამჭერი აქციები თბილისში, ზუგდიდსა და ბათუმში გაიმართა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გიორგი ქებურიას და მიშა მგალობლიშვილს პოლიციამ ნარკოტიკი ჩაუდო, რომ მათ იმ ვიდეორგოლის გამო სჯიან სადაც პოლიციელებს აშარჟებენ. მათ მუსიკოსების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.

იტვირთბა....