ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ენმ პრეზიდენტს წერილით მიმართა და საქართველოს ჯარში არსებულ პრობლემებზე ინფორმაცია მიაწოდა

დღეს “ნაციონალურმა მოძრაობამ” საქართველოს პრეზიდენტს წერილით მიმართა და მარგველაშვილს საქართველოს ჯარში არსებულ სიტუაციაზე ინფორმაციას აწვდიან.

პარტიის წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ამ წერილის მეშვეობით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრეზიდენტს მიაწოდა მის მიერ მოკვლეული რეალური ინფორმაცია, სადაც თავდაცვის სამინისტროში არსებულ პრობლემებზეა საუბარი. რომელიც, ბარამიძის თქმით, ქვეყნის ძალოვან და თავდაცვის უწყებებში ბოლო პერიოდში დაგროვილ პრობლემებს შეეხება.

ბარამიძის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოვალეობა და პასუხისმგებლობაა ჯარის მეთოდური განადგურებისა და დეგრადაციის შესახებ საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს, პრეზიდენტს აცნობოს. ტელევიზიით თავდაცვის სამინისტროსა და მთავრობის მესვეურები რეალურ მდგომარეობას არ აჩვენებენ.

“მივმართავთ პრეზიდენტს, ძალოვანი, თავდაცვისა და უშიშროების უზრუნველყოფის სტრუქტურები, პროკურატურა მთლიანობაში განიხილოს და შესაბამისი ზომები მიიღოს, როგორც ქვეყნის უსაფრთხოების გარანტის, უმაღლესი მთავარსარდლის მხრიდან, რომელმაც ყველაფერი უნდა გააკეთოს თავდაცვის უნარიანობის შესაბამის დონეზე ყოფნისთვის“,- აღნიშნა ბარამიძემ.

ოპოზიციური პარტია პრეზიდენტს მოუწოდებს, აღნიშნული საკითხების განხილვის მიზნით, ძირითადი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მონაწილეობით ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა მოიწვიოს.

შეგახსენებთ, შეიარაღებული ძალების ოფიცერი, უფროსი ლეიტენანტი, ზურაბ ჯიბუტი, საქართველოს ჯარში არსებული სიტუაციის შესახებ “პოსტკრიპტუმთან” საუბრობს და ამბობს, რომ ქართულ ჯარში მძიმე მდგომარეობაა. მისი თქმით, დღეს ქვეყნის ავიაცია, პრაქტიკულად, აღარ არსებობს და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებიც სავალალო მდგომარეობაშია.

ზურაბ ჯიბუტი, რომელმაც საქართველოს შეიარაღებული ძალების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 26 მაისს მიიღო, თავდაცვაში არსებულ პრობლემებს კონკრეტული მაგალითების საფუძველზე ასახელებს და ტექნიკის ნაკლებობასა და ბრიგადების გაუქმებაზე საუბრობს.

თავდაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ მსგავსი ინფორმაციის გამჟღავნებით სახელმწიფო საიდუმლოება ირღვევა, თუმცა, ადასტურებენ, რომ უწყებაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს.

იტვირთბა....