https://www.youtube.com/watch?v=ZEvSr32j9_Y
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული გ.ა. და 1998 წელს დაბადებული ნ.ი., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, ფონიჭალაში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მოქალაქეს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი მიჰყიდეს. პოლიციამ, გ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 12,6855 გრამი ჰეროინის შემცველი ფხვნილი, ხოლო ნ.ი.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას – 19 შეკვრად დაფასოებული 11,0689 გრამი ჰეროინის შემცველი ფხვნილი ამოიღო.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).