დაკავებული ჯგუფ “ბირჟა მაფიის” წევრების ადვოკატების განცხადებით, შესაძლოა რეპერები წინასწარი პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდნენ. მათი ინფორმაციით, გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ უნდა მიიღოს. დაკავებლი რეპერების დაკითხვა გლდანის მერვე საპყრობილეში წუხელ გვიანობმდე მიმდინარეობდა.
პროკურატურის წარმომადგენლები გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც საგამოძიებო უწყებამ იმ პოლიციელების წინააღმდეგ, ვინც ისინი დააკავა, გამოძიება დაიწყო.
ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განმარტებით, გიორგი ქებურიამ გაამახვილა ყურადღება მის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე. დაიკითხნენ თუ არა თავად სამართალდამცველები, საგამოძიებო უწყებაში ამ თემაზე არ საუბრობენ.
პროკურატურამ ჯგუფ ბირჟა მაფიას წევრების დაკავების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
მუსიკოსები, გიორგი ქებურია და მიხეილ მგალობლიშვილი, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების სავარაუდო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. რეპერების მტკიცებით, მათ ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონდათ და სამართალდამცველებმა ისინი მხოლოდ იმიტომ დააკავა, რომ “ბირჟა მაფიას” მიერ გამოქვეყნებულ კლიპში პოლიციელი ფიგურირებდა.