ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ წევრების დაკავება: კალაძის ვიდეო მიმართვა (ვიდეო)

რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას და ჯგუფ ბირჟა მაფიას წევრების დაკავებას ვიდეომიმართვით გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი კახი კალაძე. კახა კალაძე აცხადებს, რომ რეპერების დაკავებაზე შიდა მოკვლევა მიმდინარეობს. კალაძე ამბობს, რომ პოლიციელის მხრიდან ნარკოტიკის ჩადებაზე თუნდაც ეჭვიც კი არ უნდა ჩნდებოდეს.

„მინდა, გამოვეხმაურო თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას – პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა რადიკალურად არის შესაცვლელი. მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრმა ამ რეფორმის დაჩქარება სთხოვა პარლამენტს. რაც შეეხება, კონკრეტულად მომხდარ ფაქტს, თითოეული ჩვენგანისთვის მიუღებელია, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება მთავრობის წევრი, თუ ნებისმიერი მოქალაქე, როცა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლის მხრიდან, თუნდაც ეჭვის დონეზე უშვებ ნარკოტიკის ჩადების შესაძლებლობას. ეს ყველაფერი წარსულში უნდა დარჩეს და დარწმუნებული ვარ, წარსულშიც დარჩება, როდესაც მოხდება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია და პოლიციის რეფორმის ბოლომდე მიყვანა, რომელიც უკვე დაწყებულია.

ჩვენ, საზოგადოება სამართალდამცველებისგან პირველ რიგში ველით დახმარებას და სიმართლის დაცვას. ჩვენ ვენდობით მათ, ამიტომ არცერთი კონკრეტული შემთხვევა არ რჩება ჩვენი ხელისუფლების, უწყების ხელმძღვანელობის ყურადღების მიღმა.

სრულიად დაუშვებელია, რომ რომელიმე მათგანის რაიმე სახის გადაცდომამ ჩირქი მოსცხოს ჩვენს პოლიციელებს, ადამიანებს, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად დგანან ქვეყნის სადარაჯოზე.

ამ ეტაპზე, მინდა გითხრათ, რომ მიდის შიდა მოკვლევა. სტრუქტურის ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს, რომ თუკი ვინმე არის დამნაშავე, ან ვინმეს აქვს გადაცდომა ჩადენილი ამ კონკრეტულ ეპიზოდში ყველა ადეკვატურად დაისაჯოს“, – აცხადებს კახა კალაძე.

 

https://youtu.be/bhwDCveTnrM

იტვირთბა....