რკინიგზის გორი-ნიქოზის მონაკვეთზე, სოფელ ორთაშენთან სატვირთო ავტომობილი მოძრავ მატარებელს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მატარებელი რელსებიდან გადავიდა. ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან სამართალდამცავები და შესაბამისი სამსახურები, რომლებიც სპეციალური ტექნიკით მატარებლის რელსებზე დაბრუნებას ცდილობენ.
მომხდარის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლს ფეხი აქვს მოტეხილი, მის მგზავრს კი ხელი. ორივე მათგანი გორის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც შსს-მ “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.