ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მარგველაშვილი მმართველი გუნდის ბრალდებებს პასუხობს

“ნახეთ, რა ხდება – ვისმენთ ინფორმაციას, რომ ვენეციის კომისიისგან ქება-დიდება იქნება მოვლენილი და ამის მაგივრად ვენეციის კომისიისგან კონსტიტუციის ცვლილებების პროექტი ძალიან მძაფრ კრიტიკას იწვევს, რაც მოსალოდნელი იყო.

იწყება არა კრიტიკის განხილვა, არამედ უცებ ჩნდება მოგონილი თემა, რომ საიდანღაც მოხდა ინფორმაციის გაჟონვა და მთელი დღის განმავლობაში მედია საუბრობს არა იმ შინაარსზე, რაც არის დოკუმენტში, არამედ იმაზე, საიდან გაჟონა ინფორმაციამ. რას ვარკვევდით ბოლო 6 თვის განმავლობაში?

რაზე მოგვცა შეჯამება ვენეციის კომისიამ? რომ თურმე დემოკრატია ნიშნავს, რომ როცა ამომრჩეველი ხმას მისცემს, ის ადამიანი პროპორციულად იყოს წარმოდგენილი პარლამენტში და სხვამ არ ჩაიდოს ჯიბეში ამ ადამიანის ხმა – ამას ვარკვევდით მთელი ერი ბოლო 6 თვის განმავლობაში. პარალელურად მიდის ბრალდებები.

ვარკვევდით, რომ თურმე დემოკრატიული სახელმწიფო გულისხმობს ძალთა ბალანსს და ინსტიტუტების გაწონასწორებას. ამას ცივილიზებული ერი 6 თვის განმავლობაში ვარკვევდით. ახლა გადავედით შექმნილ, შეთითხნილ კონსპირაციის თეორიაზე, აბსოლუტურად მიუღებელი ფორმებით, რომლებსაც ნამდვილად სჭირდება ან ახლობლების ან მეგობრების დარიგება.

ადამიანებს, რომლებიც ასე უხამსად ურთიერთობენ სხვა ადამიანებთან მედიით, სჭირდებათ, ვიღაცამ უთხრას, რომ ეს საქართველოა და ურთიერთობების კულტურა არსებობს. მესმის, რომ თმენის ვალდებულება მაქვს, თანამდებობა არ მაძლევს იმის საშუალებას, სიტყვა წამიცდეს, მესმის, რომ პატივცემულები არიან პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერები, კომიტეტის თავმჯდომარები და ა. შ. მაგრამ ხომ შეიძლება რჩევის მიცემა?!

არავის მეილი, წერილი არ მიმიღია. გაერო-ს გენერალური მდივნის წერილები იკარგებოდა ხოლმე გზაში. ახლა თურმე მთავარია, რა მიქნია მეილისთვის. ტრაგიკომიკურია, რომ იმის ნაცვლად, ვისაუბროთ ვენეციის კომისიის დასკვნაზე, ვსაუბრობთ აბსოლუტურად სხვა რამეზე”, – ასე პასუხობს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მმართველი გუნდის ბრალდებებს (ტელეკომპანია “პირველი”).

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციას ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის გავრცელებაში ადანაშაულებს. ირაკლი კობახიძის მტკიცებით, წინასწარი დასკვნა მხოლოდ მას და გიორგი მარგველაშვილს ჰქონდათ და ინფორმაციამ მედიაში გაჟონა.

საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა 8 ივნისს გავრცელდა. ვენეციის კომისია დასკვნას ივნისის შუა რიცხვებში დაამტკიცებს.

იტვირთბა....