ახალი ამბები მთავარი სამართალი

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი: ”ყველასთვის ნათელი რომ გახდეს რა ვიდეოჩანაწერებზეა საუბარი, ვიტყვი”

„მეტრონომი“: სასამართლოდან

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე დღევანდელი პროცესი დასრულდა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განაცხადა, მოსამართლემ მათი შუამდგომლობა სხდომის საჯაროობის შესახებ, არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, სხდომა კვლავ დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

”ჩვენ მოვითხოვეთ დამდგარიყო სხდომის საჯაროობა. მოსამრთლემ თქვა, რომ მე ვწყვეტ, არის თუ არა საქმეში პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციაო. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ მოსამართლე ვალდებულია გადაწყვეტილება მიიღოს იქიდან გამომდინარე, მხარე დააყენებს თუ არა შუამდგომლობას.

მოსამართლემ სამწუხაროდ, სხდომა კვლავ დატოვა დახურულად. ამის შემდეგ ბრალდების მხარემ წარმოადგინა შესავალი სიტყვა. ჩვენ, დაცვის მხარემ დროის არქონის გამო ვერ მოვახერხეთ შესავალი სიტყვის თქმა.

რაც შეეხება ბრალდების მხარის შესავალ სიტყვას, თავიდან ბოლომდე იყო კომიკური. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბრალდების მხარისგან არ მოგვისმენია არგუმენტი, რომელიც მოსამართლეს აფიქრებინებდა, რომ საქმეზე უნდა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი”- განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

სხდომის დასრულების შემდეგ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ მისი აპარტი დააკვირდება სასამართლო პროცესებს და საზოგადოებას  დარღვევების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის.

”ჩვენ დავაკვირდებით პროცესებს და შემდეგ უკვე გვექნება უფრო მეტი ინფორმაცია, რის შემდეგაც შეგვეძლება შევაფასოთ”-  აღნიშნა ნანუაშვილმა.

პროკურორ ზვიად გუბელაძის განცხადებით, ის მოხარულია, რომ პროცესებს სახალხო დამცველი დააკვირდება. ის იმედოვნებს, რომ ომბუდსმენი იქნება ნეიტრალური და ობიექტურად დაიცავს როგორც ბრალდებულის, ისე დაზარალებულის ინტერესებს.

”ბრალდების მხარე წარსდგა შესავალი სიტყვით და დეტალურად ისაუბრა თუ რაში გამოიხატა ბრალდებულ გიორგი მამალაძის დანაშაულებრივი ქმედება. ჩვენ გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ მოსამართლე აღნიშნული მტკიცებუკებების ფონზე მიიღებს ერთადერთ გონივრულ გადაწყვეტილებას და დამნაშავედ ცნობს ბრალდებულ გიორგი მამალაძეს.

ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ სახალხო დამცველი ესწრება სასამართლო პროცესებს და გვაქვს მოლოდინი, რომ სახალხო დამცველი იქნება ობიექტური, ნეიტრალური და შეაფასებს სისხლის სამართლის საქმეში მიმდინარე მოვლენებს და ისიც დარწმუნდება რომ გიორგი მამალაძეს ნამდვილად აქვს ჩადენილი დანაშაული.

ასევე იმედი გვაქვს რომ სახალხო დამცველი ობიექტურად და ნეიტრალურად დაიცავს როგორც ბრალდებულის ასევე დაზარალებულის ინტერესებს.

რაც შეეხება კადრებს, ჩვენი შუამდგომლობის ეტაპზე, ასევე პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, განვაცხადეთ, რომ სისხლის სასამართლის საქმეზე არ არსებობს ვიდეო კადრები, სადაც ასახულია კონკრეტული პიროვნების პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალები.

ყველასთვის ნათელი რომ გახდეს რა ვიდეოჩანაწერებზეა საუბარი ვიტყვი, რომ ეს არის ვიდეოჩანაწერები სადაც ასახულია გიორგი მამალაძისა და ირაკლი მამალაძის შეხვედრები და საუბარი. ამ ვიდეოჩანაწერებში გიორგი მამალაძე განიხილავს სხვადასხვა პირების პირად ცხოვრებებს უარყოფით და მიუღებელ კონტექსტში. ასევე არსებობს სხვა მტკიცებულებები, რომელიც ეხება ბრალდებულის პირად ცხოვრებას და სხვა პიროვნებების პირად ცხოვრებას”-განაცხადა პროკურმა.

დეკანოზი  გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. სასამართლო პროცესები დახურულია.

მომდევნო სხდომა განახლდება 23 ივნისს, 11 საათზე დაცვის მხარის შესავალი სიტყვით.

 

ავტორი: ნინო ცხადაია

იტვირთბა....