შს მინისტრის პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი, რომელიც კრიმინალური პოლიციის კურატორის პოზიციას იკავებდა, კადრების განკარგულებაში გადადის, – ამის შესახებ შს მინისტრმა დედაქალაქისა და რეგიონების საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებთან თათბირზე განაცხადა.
სხვა დეტალებზე მინისტრს არ უსაუბრია. გიორგი მღებრიშვილის თქმით, კურატორის პოზიციას თავად შეითავსებს. მინისტრის განმარტებით, ამიერიდან აღარ იარსებებს ე.წ. “შუა რგოლი”, შესაბამისად დეპარტამენტების უფროსები ანგარიშვალდებულები უშუალოდ მასთან იქნებიან.
“ვფიქრობ მე, თქვენთან ურთიერთობაში შუა რგოლი არ მჭირდება, უფრო აქტიურად უნდა ვიყო ჩართული იმ პროცესებში, რაც მიმდინარეობს საპატრულო პოლიციაში, კრიმინალურ პოლიციაში.
ის კოორდინაცია, რომელიც დღემდე არსებობდა, უფრო ეფექტური რომ იყოს, ვფიქრობ, ერთი კაცის, მინისტრის ხელში უნდა იყოს, კოორდინაცია უნდა იყოს ძალინ მჭიდრო და ვფიქრობ, ეს ჩვენს ოპერატიულაბასაც ძალიან გაზრდის”, – აღნიშნა მღებრიშვილმა შეხვედრაზე.