„პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მუდმივად ისმის შეურაცხყოფა და ლანძღვა, შესაბამისად მის დღევანდელ განცხადებაზე კომენტარიც კი ზედმეტია“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოზიციები კონსტიტუციასთან მიმართებაში არის უაღრესად სუსტი, რის გამოც პრეზიდენტი ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე მონაწილეობას თავს არიდებს.
”ეს არ არის სიახლე, სამ თვეზე მეტია და ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ისმის შეურაცხყოფა და ლანძღვა. გარკვეულწილად ტენდენცია ყალიბდება, რომ პოლიტიკურ ტრენდად დამკვიდრდეს ასეთი კომენტარების გაკეთება”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.
მისივე თქმით, მიიღებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე მონაწილეობას, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის პოზიციები კონსტიტუციასთან მიმართებაში არის უაღრესად სუსტი, ასე, რომ მე არ მიკვირს, რომ ის თავს არიდებს ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაში მონაწილეობის მიღებას.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას იტყვის იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ პრეზიდენტი ვენეციის კომისიის სხდომაზე დასასწრებად არ წავა, კობახიძემ აღნიშნა, რომ ამის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს. კობახიძის თქმით, კომისიის პლენარულ სხდომაზე თავად და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აუცილებლად წავლენ.
”პრეზიდენტის პოზიციის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი პოზიციები კონსტიტუციასთან მიმართებაში არის ძალიან მყარი და პრეზიდენტის პოზიციები არის უაღრესად სუსტი. გუშინ თავდაცვის საკითხებზე გვესმოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ძალიან დრამატული შეფასებები. პრეზიდენტის პოზიციები არის უაღრესად სუსტი კონსტიტუციასთან მიმართებაში, ასე რომ, მე არ მიკვრის, რომ ის თავს არიდებს პლენარულ სხდომაში მონაწილეობას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.