მას შემდეგ რაც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განცხადება გააკეთა, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს შესაძლოა კლინიკების და სადაზღვევო კომპანიების მართვის უფლება აღარ ჰქონდეთ, ბიზნესმენების პროტესტი მოჰყვა. თუმცა, დარგის ექსპერტების განცხადებით, ეს არის დროული და სასწრაფოდ განსახორციელებელი რეფორმა. მათი განცხადებით, ბიზნესმენების ინტერესებს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობა არ უნდა ეწირებოდეს.
როგორც „მეტრონომთან“ საუბარში ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე აცხადებს, კანონპროექტი სამ ძირითად მოთხოვნას უპასუხებს: წამლის ხარისხის კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესებას, კონკურენტუნარიანობის ზრდას და რეგულაციებს, რომლებიც შესაძლებელს გახდის ზღვრული ფასები დაწესდეს ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტებზე და ეს რეფორმა წამლის ფასების გაიაფებას გამოიწვევს. მისი ინფორმაციით, კანონმდებლობის შეცვლა ევროკავშირთან ასოცირების ერთ-ერთი ვალდებულებაა.
რაც შეეხება ბიზნესინტერესების დაზარალებას, ზოიძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ ბიზნესმენების ინტერესების გამო, საკუთარი მოქალაქეების უფლებები არ უნდა დაარღვიოს. მისი განცხადებით, არცერთ ევროპულ ქვეყანაში არ არსებობს პრეცედენტები, რომ ერთი სუბიექტის ხელში იყოს, როგორც წარმოება, რეალიზაცია, სადაზღვეო სექტორი და კლინიკები, ამიტომ ამ კუთხით კანონის რეფორმირება უნდა მოხდეს.
ჯანდაცვის მინისტრი ვარაუდობს, რომ კანონპროექტზე მსჯელობას პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე დაიწყებს. ამ მიზნით უწყებაში სამუშაო ჯგუფიც არის შექმნილი.
„ცვლილებები მოიცავს რამდენიმე ათეულ კომპონენტს, მათ შორის იმას, რომ შეიძლება აღარ იყოს ვერტიკალური ინტეგრაცია, რაც ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ კომპანიას კლინიკის და სადაზღვევო კომპანიის მართვის უფლება აღარ ჰქონდეს.
თუმცა, ეს არის სამუშაო დოკუმენტი, რომელიც გაივლის დარგის წარმომადგენლებთან ექსპერტიზას, შემდეგ ალბათ პარლამენტში იქნება მსჯელობა. მე ნამდვილად ვერ დავადასტურებ, რომ ეს არის იმპერატიული პირობა”, – განაცხადა სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ წევრი კახა ოქრიაშვილი ახალ კანონპროექტს ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ ეს პირდაპირ ბიზნესს დაარტყამს, რაც ქვეყანას ეკონომიკური თვალსაზრისით დიდად არ წაადგება. ოქრიაშვილი მთავრობის წევრებს, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მოუწოდებს, ბიზნესში ნაკლებად ჩაერიოს.
“მსგავს ევროდირექტივას არ ვიცნობ და ასეთი არ არსებობს. იმას ვემხრობი, რომ სახელმწიფომ, მათ შორის სერგეენკოც და ყველა მინისტრი ბიზნესში ნაკლებად ჩაერიონ, რადგან ყელში ამოიყვანეს. ბიზნესის კეთება არავის აღარ სჭირდება და არც მე, არც ჩემს კომპანიას. ბიზნესში მუდმივი რაღაც აკრძალვა განწყობას აფუჭებს. წავიდნენ, ბიზნესი აკეთონ, ამის თავი არ აქვთ”, – აღნიშნავს დეპუტატი.
„მეტრონომი“ ოქრიაშვილს კომენტარისთვის დაუკავშიდა, რომ გაგვეგო რა სახის პრეტენზიები აქვს ოქრიაშვილს და რას გულისხმობდა, როდესაც ამბობდა, რომ ეს კანონპროექტი პირდაპირ ბიზნესს დააზარალებს. თუმცა, მან ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე „მეტრონომს“ უარი უთხრა.
„ჯანდაცვის მინისტრი და მისი სამინისტრო აღარ მაინტერესებს, მაგ თემაზე კომენტარებს აღარ ვაკეთებ“,- უპასუხა „მეტრონომს“ ოქრიაშვილმა
დარგის სპეციალისტების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტში ბევრი რამ მისაღები, ბევრიც კი განსჯის საგანია, მაინც დადებითია, რადგანაც ახალი კანონი ქვეყანაში როგორც წამლის ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე ფასების დაწევას მოახერხებს.
მათი თქმით, დაუშვებელია, როდესაც ერთ სუბიექტს ეკუთვნის როგორც ფარმაცევტული და სადაზღვევო კომპანიები, ასევე საავადმყოფოები, რადგანაც ყოველგვარი მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი მოჩვენებითია და მოთხოვნას ქმნის ის, ვინც მიწოდებას უზრუნველყოფს. სპეციალისტები იმასაც არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ამ მოდელით დახურული და რთული სისტემა მივიღოთ, რადგანაც ეს არის ევროპული მოდელი, თუმცა უკვე ცოტა მოძველებულია, დაახლოებით, 10-15 წლის წინანდელი.
არასამთავრობო ორგანიზაცია “გახსოვდეს ჰიპოკრატეს” დამფუძნებელი მარინა ბერაძე „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პირველ რიგში, წამლის ფასების დაწევაზე უნდა იზრონოს და ევროკავშირის ქვეყნების გარდა, კომპანიებს უნდა მისცეს რეკომენდაცია და საშუალება, რომ წამლის შემოტანა უფრო იაფად, თუნდაც მეზობელი ქვეყნებიდან მოხდეს.
მისი თქმით, დღეს საქართველოში ზოგ კომპანიას ექსკლუზიური უფლება აქვს, რომ იგივე წამალი რომლიც ევროკავშირის ქვეყნებიდან ძვირად შემოდის, თურქეთიდან უფრო იაფად შემოიტანოს, თუმცა მის გარდა სხვა კომპანიას ამის უფლება აღარ ეძლევა. მისი აზრით, სწორედ ასეთი დაურეგულირებელი ბაზარი ქვეყანაში წამლებზე ფასებს ზრდის.
„სამინისტრო ამ კანონით ქვეყანაში არსებული რეგულირების მოდელის რადიკალურად შეცვლას გეგმავს. დღეს ქვეყანაში ლიბერალური რეგულირების მოდელია, რომელიც ფარმაცევტულ სექტორში, მინიმალურ ინტერვენციას ითვალისწინებს. შესაბამისად უსაფრთხოებასთან და ეფექტურობასთან დაკავშირებული გარანტიებიც მინიმალურია.
ამ კანონის მეშვეობით, რაც მართალია ბაზარზე არსებული წამლების უსაფრთხოებისა და ხარისხის გარანტიას იძლევა, თუმცა, გარკვეული რისკებიც ახლავს. შესაძლოა ამ მოდელით დახურული და რთული სისტემა მივიღოთ.
ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში იმაზეც არის საუბარი, თუ როგორ გამოსწორდეს სექტორში არსებული ბიზნესმოდელები, როცა წარმოება, რეალიზაცია, სადაზღვეო სექტორი, კლინიკა და ა.შ. ერთი კომპანიის ხელშია მოხვედრილი, რა თქმა უნდა, რომ ის პაციენტის ინტერესებზე მორგებული არ არის. ვფიქრობ სამინისტრომ ამ ჰოლდინგის მეპატრონეებთან ერთად გამოსავალი უნდა მოძებნოს.
ამ რეფორმის მიხედვით, ისინი იმ დონის მოგებას ვეღარ ნახავენ რასაც ახლა იღებენ, თუმცა მეორე მხრივ მოქალაქეების მდგომარეობა გაუმჯობესდება და რიგ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომლობა გაიზრდება“, – ამბობს „მეტრონომთან“ ბერაძე.
მომხმარებელთა უფლებების დამცველ ორგანიზაცია “ეტიკის” ხელმძღვანელი ამირან შენგელია ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კანონის მეშვეობით, პირველ რიგში, ქართულ ბაზარზე წამლის დეფიციტი უნდა აღმოფხვრას. მისი თქმით, 8 ათასი არსებული გენერიკული ფორმულიდან, ქართულ ბაზარზე, მხოლოდ 1 200 – 1 500 ფორმულაა.
მათ შორის ბევრი ძირითადად მოძველებული მოლეკულებია. შესაბამისად, ბაზარზე არსებული ამ ბიზნეს-მოდელების კორექტირება უნდა მოხდეს. შენგელიას განცხადებით, წამლის ხარისხის კონტროლს რაც შეეხება, ხარისხის კონტროლის სისტემა ფარმაციისთვის ძალიან მოძველებული, დაახლოებით 20 წლის წინანდელია.
„ახალი კანონპროექტის მიხედვით, პირველ რიგში, წამლებზე ფასების დაწევა უნდა მოხდეს. დღეს საქართველოში საკმაოდ უცნაური სტრუქტურა გვაქვს. მაგალითად, თუ კონკრეტულ წამალს რეცეპტით ყიდულობ გაცილებით იაფია, ვიდრე ურეცეპტოდ შეძენის დროს.
ასევე არ ხდება საქართველოში წამლების ხარისხის კონტროლი, რადგანაც ქვეყანას ლაბორატორია არ აქვს. ამიტომ არის, რომ საქართველოში წამლების დიდი ნაწილი ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოდის და მისი ფასი გაცილებით უფრო ძვირია, ვიდრე მაგალითად, არაწევრი ქვეყნიდან შემოტანის შემთხვევაში.
დღეს, ვლაპარაკობთ არა წამლის ხარისხის კონტროლის სისტემაზე, არამედ ხარისხის მართვის სისტემებზე. მაშინ, როცა ქართული ბაზარი გენერიკული ასლების ბაზარია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ეს იყოს არა მხოლოდ სტანდარტული, არამედ ეფექტური ასლები. ეფექტურობის საკითხი პროექტში ჩადებულია, რაც გვაიმედებს, რომ ამ მიმართულებით კორექცია მოხდება“,- ამბობს შენგელია „მეტრონომთან“.
ასე თუ ისე, ერთი ფაქტია, რომ პირველ რიგში მომხმარებელთა ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული და თანაც ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ ბიზნესს ხელი არ შეეშალოს. თუმცა, თუკი რომელიმე კომპანია, ან პერსონა შეეცდება მონოპოლიის ხარჯზე ისე გამდიდრდეს, რომ ყველაფერმა ხალხის კისერზე გადაიაროს და თანაც კონკურენტ კომპანიასთან არ იყოს თანაბარ პირობებში, ასეთი „ველური მონსტრების“ მიმართ სახელმწიფო რეგულაციების დაწესება ბუნებრივია, აუცილებლად უნდა მოხდეს.
ავტორი: ელზა პაპოშვილი