საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, გიორგი ბადაშვილის მთავარი პროკურორის მოადგილედ დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ შოთაძემ შტატის დამატება თავად მოითხოვა.
“მთავარმა პროკურორმა მოითხოვა შტატის დამატება, ეს დამტკიცდა საქართველოს მთავრობის აქტით, რის შემდეგაც ჩემ მიერ შეტანილ იქნა საშტატო ნუსხაში შესაბამისი ცვლილება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ბადაშვილი მთავარი პროკურორის მოადგილედ დღეს დაინიშნა.
გიორგი ბადაშვილი 1981 წელს ქ. თბილისში დაიბადა. 2003 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
გიორგი ბადაშვილმა კარიერა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2006 წლის ივლისიდან დაიწყო და სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა.