“მეტრონომი”: აქციიდან
ავტორი: ნინი ცხადაია
თბილისში თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. 2002-2007 წლებში ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის მასწავლებელი იყო.
2012-2016 წლებში „ჩაღლარის“ სასწავლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა. მისი ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის თქმით, თურქეთის მხარე დაკავებულის ექსტრადირებას მოითხოვს და მას ბრალად ედება ფეტულა გიულენის ორგანიზაციასთან თანაშრომლობა, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა.
სოსო ბარათაშვილის შეფასებით, ბრალდების დასაბუთება კრიტიკას ვერ უძლებს. მისივე თქმით, აღნიშნული საქმე ეხება არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის ექსტრადირების საკითხს, არამედ საქართველოს ხელისუფლების საერთაშორისო რეპუტაციასაც. მუსტაფა ემრე ჩაბუქს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ თურქეთი არ არის უსაფრთხო სახელმწიფო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პოლიტიკური შეხედულების გამო ამ ქვეყანაში იდევნება. ამიტომაც საქართველომ არ უნდა დაუშვას, რომ დემირელის კოლეჯის ხელმძღვანელის მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემა მოხდეს. მშვენიერაძე თვლის, რომ ერდოღანის ხელისუფლების მოთხოვნა დაუსაბუთებელია და საქართველოში მცხოვრები თურქეთიდან დევნილი ადამიანების გადაცემა დაუშვებელია.
“ჩვენი ქვეყანა უნდა იქცეს კუნძულად და თავშესაფარად რეგიონში, სადაც პოლიტიკური ნიშნით დევნილ ადამიანებს უსფრთხოდ ცხოვრების საშუელბა ექნება. ისინი მეზობელი სახელმწიფოების მოთხოვნით პასუხისგებაში მიცემულები არ უნდა იყვნენ. არა აქვს მნიშვნელობა, რომ ისინი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები არიან. არავინ არის დაზღვეული, რომ ჩაბუქის თურქეთის მხარისთვის გადაცემის შემთხვევაში ის უსაფრთხოდ იქნება. მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ეს ჩვენმა ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს”,-ამბობს უფლებადამცველი მშვენიერაძე.