უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, ლევან ბოძაშვილის განცხადებით, თანამდებობის დატოვება შვეიცარიის კონფედერაციაში მის ელჩად დანიშვნას არ უკავშირდება. მისი თქმით, უშიშროების საბჭოდან წამოსვლის გადაწყვეტილება, საბჭოს აპარატის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე პოლიტიკური ხასიათის კომუნიკეს მომზადების გამო მიიღო.
ბოძაშვილი მიიჩნევს, რომ ისეთი ტიპის ორგანო, როგორიც უშიშროების საბჭოა, აბსოლუტურად აპოლიტიკური უნდა იყოს და მისი თანამშრომლები მსგავსი ტიპის დოკუმენტებს ხელმოწერებით არ უნდა უერთდებოდნენ.
„ ჩემი წასვლის მთავრი მიზეზი ის გახდა, რომ უშიშროების საბჭოს მიერ სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში შემუშავებული იქნა პოზიცია, მომზადდა კომუნიკე, რომელიც, სხვათაშორის, ბოლო მომენტამდე არ მქონდა ნანახი და ბოლო მომენტშიც ვერ შევძელი, რომ საფუძვლიანად გავცნობოდი, თუმცა იმის მიუხედავად, თუ რა შინაარსის იყო, მე, როგორც საჯარო მოხელემ პრინციპულად არ ჩავთვალე საჭიროდ ამ დოკუმენტს ხელმოწერით შევერთებოდი, მითუმეტეს, რომ აღნიშნული კომუნიკე, გარდა იმისა, რომ არის კონსტიტუციასთან დაკავშირებულ საკითხებზე შემუშავებული, თავისი არსით პოლიტიკური ხაიათისაა. ადრეც ვფიქრობდი, ახლაც მივიჩნევ და მომავალშიც ასე იქნება, რომ საჯარო მოხელეები არ უნდა უერთდებოდნენ ასეთი სახის დოკუმენტს“, – განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლევან ბოძაშვილმა უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა 5 ივნისს დატოვა. მიმდინარე წლის აპრილში ის, მთავრობის წარდგინებით, შვეიცარიის კონფედერაციაში ელჩად დაინიშნა. ბოძაშვილი დიპლომატის უფლებამოსილების შესრულებას ოქტომბრის ბოლოდან უნდა შეუდგეს.
წყარო: “პალიტრა ნიუსი”