https://www.youtube.com/watch?v=X_jogkM8DsI
ლონდონის მერი, სადიქ ხანი, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 4 ივნისის ლონდონის ტერაქტიდან რამდენიმე საათში სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საშუალებით გააკრიტიკა.
“7 დაღუპული, 48 დაშავებული და ლონდონის მერი ამბობს, რომ, განგაშის მიზეზი არ არსებობს?” – დაწერა ტრამპმა ტვიტერზე.
ტრამპის კრიტიკა არის რეაქცია ლონდონის მერის განცხადებაზე, როცა მან ტერაქტიდან რამდენიმე ხანში მოქალაქეებს ასე მიმართა:
“ლონდონელები, მომავალი დღეების განმავლობაში, ქალაქში პოლიციელების გაზრდილ რაოდენობას დაინახავენ, განგაშის საფუძველი არ არსებობს”.
აღნიშნულ კრიტიკას ხანმა უპასუხა და განაცხადა, რომ მას არ ჰქონდა დრო აშშ-ს პრეზიდენტის ტვიტებს გამოხმაურებოდა, რადგან უფრო მნიშვნელოვანი საკითხებით იყო დაკავებული და აღნიშნა, რომ “არ მისცემს დონალდ ტრამპს იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში შეხედულებათა გაყოფა განახორციელოს”.
აღსანიშნავია, რომ ხანმა მედიას განუცხადა, რომ ტრამპის ვიზიტს დიდ ბრიტანეთში არ მიესალმება.
“არ ვფიქრობ, რომ აშშ-ის პრეზიდენტს წითელი ხალიჩა უნდა გავუშალოთ იმ სიტუაციაში, როდესაც მისი პოლიტიკა ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ”, – აღნიშნა სადიქ ხანმა.
ლონდონის მერს მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ. მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სადიქ ხანი კარგ საქმეს აკეთებს და არასწორია მასზე რამის თქმა. ამ განცხადებით მან, ფაქტობრივად, მხარი დაუჭირა ლონდონის მერს და ტრამპს დაუპირისპირდა.
ამავდროულად, აშშ-ს მერების კონფერენციამ, რომელიც 30 000-ზე მეტი წევრისგან შედგება, ლონდონის მერს სოლიდარობა გამოუცხადა.
„ამერიკის შეერთებული შტატების მერების კონფერენცია დღეს დგას ლონდონის მერის, სადიქ ხანის და მოსახლეობის გვერდით. ჩვენ თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულებს. ვუგზავნით პატივისცემას პოლიციის ოფიცრებს, რომლებმაც თავდასხმიდან 8 წუთში მოახდინეს რეაგირება და ტერორისტულ აქტში მონაწილე სამი ბრალდებულის ლიკვიდაცია მოახდინეს“ – ნათქვამია აშშ-ს მერების კონფერენციის განცხადებაში.
ხანს და ტრამპს შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ტრამპი შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. ლონდონის პირველი მუსლიმ მერი 1 წლის წინ ამბობდა, რომ დონალდ ტრამპი, ისლამთან დაკავშირებით, უმეცრებას ავლენდა და თავისი განცხადებებით ექსტრემისტებს უწყობდა ხელს. აღნიშნულის შემდეგ, ტრამპი აცხადებდა, რომ, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ბრიტანეთთან შესაძლოა კარგი ურთიერთობა არ ჰქონოდა.