ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე კონგოში ჩამოვარდნილი ქართველ მფრინავზე სოსო ოსორაულის შესახებ „მეტრონომთან“ საუბრობს და ამბობს, რომ ის ცოცხალია და ამბოხებულებმა, რომლებსაც ის ჰყავთ დატყვევებული, ადგილმდებარეობა შეიცვალეს. გენერლის განცხადებით, მას უშუალო კონტაქტი აქვს ქართველ მფრინავებთან, რომლებიც კონგოში იმყოფებიან და ოსორაულის შესახებ ინფორმაციას ფლობენ.
მათზე დაყრდნობით სალუქვაძე აცხადებს, რომ ოსორაულის გამოსახსნელად როგორც საქართველო, ასევე გაეროს და წითელი ჯვრის ორგანიზაციები არიან ჩართულები. გენერლის თქმით, ქართველი მფრინავის გამოხსნა ასეთი მარტივი არ არის, რადგანაც საქმე ტერორისტულ ორგანიზაციასთან გვაქვს, რომელზეც საერთაშორისო ნორმები არ ვრცედება და მათი ნდობა რთულია.
არ არსებობს გარანტია, რომ თანხის გადახდის შემთხვევაში მფრინავის გამოხსნა მოხდება. გენერლის აზრით, ამბოხებულები შესაძლოა მოთხოვნებსაც ცვლიან და თანხის სანაცვლოდ ოსორაულის რომელიმე ამბოხებულში გაცვლასაც ითხოვენ, რომელიც კონგოს ხელისუფლებას ჰყავს დაკავებული.
„მეტრონომი“: თქვენ რა სახის ინფორმაციას ფლობთ, სად იმყოფება ახლა ქართველი მფრინავი სოსო ოსორაული და არის თუ არა ის ცოცხალი?
ამირან სალუქვაძე: კონგოში მყოფ ყველა ქართველ მფრინავს ვიცნობ, რა თქმა უნდა, მათ შორის სოსო ოსორაულსაც. ის საკმაოდ დადებითი პიროვნებაა და თავისი საქმის პროფესიონალია. რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ მის ვიდეომიმართვას, მეც გუშინ პირველად ვნახე. არ ვიცი რა წყაროებით მოხვდა ის ინტერნეტში.
ფაქტია, რომ ეს ახალი არ არის. როგორც კონგოში მყოფი ჩემი კოლეგები მატყობინებენ, სოსო ოსორაულის ახალი ადგილსამყოფელი შეცვლილია და ის მეამბოხეებმა სხვა ადგილას გადაიყვანეს. თუმცა, როგორც მე მატყობინებენ, ის ცოცხალია და მისი მდგომარეობა კვლავ იგივეა – ტყვეობაში იმყოფება. ის ჯანმრთელად არის და ელოდება როდის მოხდება მისი გათავისუფლება.
– ამ ინფორმაციას თქვენ ქართველი მფრინავებისგან იღებთ? ისინი უშუალოდ ვისთან კონტაქტობენ, რა წყაროს მეშვეობით იღებენ მფრინავის შესახებ ინფორმაციას?
– კონგოში 20-მდე ქართველი მფრინავი იმყოფება, რომლებიც სოსო ოსორაულის მსგავსად მუშაობენ. სწორედ მათი მეშვეობით ვიცი, რომ სოსო ცოცხალია, მხოლოდ მემაბოხეებმა შეიცვალეს ადგილმდებარეობა.
– რა გახდა მემბოხეების ადგილმდებარეობის შეცვლის მიზეზი და თუ არის ცნობილი, ოსორაული კვლავ იმ დაჯგუფებასთან ერთად იმყოფება?
– მათი გადაადგილების მიზეზი უცნობია. ერთი ვერსიის მიხედვით, შეტაკებები მოხდა მეამბოხეებსა და ხელისუფლებას შორის, შესაძლოა მათი გადაადგილების მიზეზი ესეც იყოს, თუმცა დაზუსტებით არაფრის თქმა არ შეიძლება. როცა ადამიანი ჰყავთ ტყვეობაში, მოსალოდნელია რომ მისი ადგილმდებარეობის დადგენის თავიდან აცილების მიზნით, მას შეუცვალონ ადგილი. იქ მყოფ ჩვენი თადარიგის ოფიცრებს კონტაქტი აქვთ კონგოს სამთავრობო სტრუქტურებთან, ხოლო ეს ადამიანები იმ დაჯგუფებასთან კონტაქტობენ და ოსორაულის შესახებ ინფორამციას იღებენ.
– საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შესაძლოა სოსო ოსორაული შეტაკებების დროს დაღუპულიყო. რაზე, ან ვისზე დაყრდნობით გაავრცელეს ეს ინფორმაცია?
– საგარეო საქმეთა სამინისტრო და აფრიკაში ჩვენი საელჩო დაეყრდნო იქ არსებულ ინფორმაციას, რომელიც ხელისუფლების და დაჯგუფებას შორის შეტაკების შემდეგ გავრცელდა. იყო ინფორმაცია, რომ ამ დაპირისპირების შედეგად მსხვერპლი ბევრი იყო და ალბათ მათ რაიმე სავარაუდო ინფორმაცია მიაწოდეს. ფაქტია, რომ ეს ინფორმაცია საბედნიეროდ არ დადასტურდა.
– არის გარანტია, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება მფრინავის გათავისუფლების სანაცვლოდ თანხას გადაიხდის, მას გამოვიხსნით? ან რა არის ამბოხებულების მოთხოვნა, ხომ არ შეცვალეს პირობები და ვინ არის უშალოდ ამ მოლაპარაკებებში ჩართული?
– მის ტყვედ ჩავარდნის პირველივე დღეებში, ჩვენს თანამემამულეებთან კონტაქტი მქონდა და მათი თხოვნა იყო, რომ ინფორმაციის გახმოვანება არ მომხდარიყო, რადგანაც მას საფრთხე დაემუქრებოდა. მის გასათავისუფლებლად ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მოლაპარაკებები სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობდა, ეს იყო როგორც თანხის მოთხოვნა, ასევე გაცვლა ამბოხებულ კონგოელში.
გამოსასყიდის გადახდა კონგოს ხელისუფლებას არ აწყობს, რადგან ამ თანხით ტერორისტები იარაღს ყიდულობენ. ამ სახსრებს ისევ ხელისუფლების წინააღმდეგ იყენებენ. შესაბამისად, ძალიან რთული სიტუაციაა.
დიპლომატიასაც ამ კუთხით ძალიან უჭირს, რადგანაც საქართველოს უშუალოდ კონგოში საელჩო არ აქვს და მხოლოდ ერთი საკონსულო აფრიკის რამდენიმე ქვეყანას მოიცავს. ჩვენ არ შეგვიძლია აფრიკის 200-ვე სახელმწიფოში ვიყოთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას კონგოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა არ აქვს, მაგრამ სოსოს გათავისუფლება მათზე ხომ არ არის დამოკიდებული.
საუბარი ტერორისტულ ორგანიზაციასთან, რომელიც თავისი კანონებით ხელმძღვანელობს და არა საერთაშორისო ნორმებით, წარმოუდგენლად რთულია. რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, მის გასათავისუფლებლად როგორც გაერო, ასევე წითელი ჯვრის ორგანიზაცია მუშაობს.
ნებისმიერი სახელმწიფოს პოზიცია წარმოიდგინეთ, ამბოხებულებს რომელთა კონტროლი ვერ ხდება და არანაირი პასუხსიმგებლობა არ აკისრია, ნახევარი მილიონი გადაუხადო და მისი გათავისუფლების გარანტიას არავინ გაძლევს. თანხის გადახდა მის უსაფრთხოებას არ ნიშნავს, ამის გათვლა წარმოუდგენელია.
– სოსო ოსორაული საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდ. მან ნებით დატოვა ქართული ავიაცია, თუ ის სამსახურიდან გაათავისუფლეს?
– სამწუხაროდ სოსო ოსორაული შეიარაღებული ჯარებიდან ბევრჯერ არის დათხოვილი. პირველად ის ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროს გაათავისუფლეს, მეორედ კი ნახევარი წლის წინ გაუშვეს. რა იყო ამის მიზეზი, ამაზე ალბათ თავდაცვის სამინისტრომ უნდა გიპასუხოთ, მაგრამ ამ კუთხით, რომ საკადრო პოლიტიკა ჩამოყალიბებული არა გვაქვს, ფაქტია.
ავტორი: ელზა პაპოშვილი