“ყოველი დღე, რომელიც პასუხს არ სცემს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს, კიდევ უფრო მეტად აყენებს ზიანს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას”, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულმა ფაქტმა საქართველოს საერთაშორისო იმიჯი მნიშვნელოვნად დააზიანა.
“ქართველი ხალხის მონაპოვარია, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც ჟურნალისტებს დევნიან, სადაც ადამიანებს იტაცებენ და სადაც ადამიანის უფლებები დაუცველია. ამასთანავე, ეს არის ის მაღალი სტანდარტი, რომელითაც სახელმწიფომ უნდა იფუნქციონიროს. დღეს ჩვენ ყველანი – ხელისუფლებაც და საზოგადოებაც, ვიმყოფებით ამ შელახული იმიჯის დაძლევის კრიზისულ ეტაპზე და რაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება პროცესი, რაც უფრო ხშირად მოისმენს საზოგადოება არაადექვატურ კომენტარებს, მით უფრო საზიანოა ეს ქვეყნისთვის. ყოველი დღე, რომელიც პასუხს არ სცემს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს, კიდევ უფრო მეტად აყენებს ზიანს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას”, – განაცხადა მიშველაძემ.
29 მაისს, თბილისიდან გაუჩინარდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანშია დაპატიმრებული, 31 მაისს კი, აზერბაიჯანის სასამართლომ მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას საზღვრის უკანონო კვეთა, კონტრაბანდა და სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ მათ გამოძიება ადამიანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლითაა დაწყებული.
თბილისში რამდენიმე დღეა ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მუხთარლის მხარდასაჭერ აქციებს მართავენ. დღეს, ჟურნალისტებმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომზე თავზე ცელოფნის ტომრები ჩამოიცვეს.