აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს მთავარ განყოფილებაში იმყოფებოდა.
მან საქართველოს მოქალაქეობას კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ისევ უარს ამბობს მოქალაქეობის მიღებაზე.
დღეს, მუხტარლის ოჯახის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა მთავარ პროკურატურას მიმართა. ჩოფიკაშვილი ითხოვს, რომ ჟურნალისტის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლდ მთავარმა პროკურატურამ გამოიძიოს.
როგორც მუსტაფაევამ პოლიციის სამმართველოდან გამოსვლისას ჟურნალისტებს განუცხადა, ძველი თბილისის პოლიციის დეპარტამენტში უსაფრთხოების ზომებზე ჰქონდა საუბარი.
”ეს არ იყო დაკითხვა. ჩვენ დღეს საუბარი გვქონდა უსაფრთხოების ზომებზე. კიდევ ერთხელ განვაცხადებ, რომ მე არ ვაპირებ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას. ჩემი მეუღლის, აფგან მუხთარლის საქმე გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი უსაფრთხოება ან ჩემი მოქალაქეობა. დახმარება მე კი არა, აფგან მუხთარლის სჭირდება, მოქალაქეობა მას უფრო სჭირდება, ვიდრე მე”, – განაცხადა აფგან მუხთარლის მეუღლემ.
შეგახსენებთ, აფგან მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის აზერბაიჯანში გადაიყვანეს და დააკავეს. მას ბაქოს საქალაქო სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალისტს პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.
საქართველოს შსს-მ გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით აღძრა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.