იღუმენი თამარ გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას მიერ გაკეთებული განცხადებები საპატრიარქოში კონკრეტულ ჯგუფთან შეთანხმებული იყო. ის აცხადებს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის კაბინეტში ჭორების გამავრცელებელი მანქანაა, რომელიც რუსეთიდან იმართება.
„მათ უკან ყველამ ვიცით, რომ დამპყრობელი ძალა დგას ეს მხოლოდ მე არ ვიცი, ეს იცის მთელმა ერმა,“ – აცხადებს იღუმენი თამარ გამყრელიძე “რუსთავი 2”-თან.
ის აღნიშნავს, რომ შორენა თეთრუაშვილი და საპატრიარქოს ანდრია პირვეწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი ანდრიაძე, საპატრიარქოს მართავენ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ, პატრიარქის მკვლელობის სურვილში დაადანაშაულა. მან განაცხადა, რომ “მეუფე პეტრე ცაავას პატრიარქის მოკვდინება სურს”.
მოგვიანებით ედიშერ ქარჩავას განცხადებებს საპატრიარქო გაემიჯნა. განცხადებაში, რომელიც საპატრიარქომ გამოაქვეყნდა, აღნიშნულია, რომ მათ ამ განცხადებებისთვის ედიშერ ქარჩავა გააფთხილეს.