“ნაციონალური მოძრაობის” აქტიური მხარდამჭერი თეა თუთბერიძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილს მიმართავს. ის უკრაინაში მეორე მიხეილ სააკაშვილის გამოჩენის და ახალი პარტიის შექმნას ეხმიანება. შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გია გეწაძე ჩამოშორდა სააკაშვილის გუნდს და დამოუკიდებლად დაიწყო მოქმედება. თავად სააკაშვილი გია გეწაძეზე კონეტარს არ აკეთებს. თეა თუთბერიძე კი ამბობს, რომ მინიშნება გია გეწაძის მოღალატეობასთან დაკავშირებით, არასამართლიანია. გთავაზობთ თეა თუთბერიძის პოსტს:
“მაქსიმალურად შევიკავე თავი ამ ყველაფრის ღიად დაწერისგან ამ დღეებში, რასაც ახლა დავწერ, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც აღარ დატოვეთ შესაძლებლობა არც თქვენ და არც თქვენ გარშემო შემოკრებილმა უკრაინაში „მებრძოლმა დიდმა გმირებმა“ პასუხის ღიად არგაცემისა და ვხედავ, გსურთ ბოლომდე გადაუაროთ ადამიანს, რომელიც ამ შემთხვევაში თქვენ წინაშე აბსოლუტურად მართალია, მომიწევს ღიადვე გიპასუხოთ და ავხსნა, თუ რატომაა გია გეწაძე მართალი შექმნილ სიტუაციაში თქვენთან.
დავიწყებ იმით, ზოგადად არ მჩვევია რაღაცეების გაურკვევლად აზრების გამოქმა, და სანამ კარგად არ ვუყურე ვიდეოებს, რაც უკრაინის იუსტიციის უწყებაში მომხდარ დაპირისპირებას ეხებოდა, სანამ უამრავი კითხვა არ დავსვი და პასუხები არ მოვისმინე, ისე არაფერი დამიწერია. ახლა კი ღიად დავწერ, რომ თქვენ წელიწადნახევრის წინ შეიტყვეთ გია გეწაძისგან, რომ ვიღაც ტიპს ააღებინეს პასპორტი სააკაშვილის სახელით და გვარით ემიგრაციის უწყებაში. თქვენ ეს იცოდით და არაფერი მოგიმოქმედებიათ. უფრო მეტიც, მაგ დროს ოდესის გუბერნატორი იყავით და გიას უთხრით, დაიკიდე, ვიცი რომ პოროშენკო ჩალიჩობს მაგას და თუ პარტიის შექმნას გადავწყვეტ ჩემ სახელს მაინც არ დავარქმევ პარტიასო. როცა ამ ტიპს პარტიის დასარეგისტრირებლად შეატანინეს საბუთები იუსტიციაში, იუსტიციის სამინისტრომ უარი უთხრა მას პარტიის დარეგისტრირებაზე. ამ ტიპს რომ სასამართლოსთვის მიამართინეს და გაასაჩივრებინეს იუსტიციის სამინისტროს უარი, თქვენ ეს იცოდით გია გეწაძისგან და თუ თვლიდით, რომ ეს პარტია, რომელსაც რეალურად პოროშენკო არეგისტრირებინებდა ვიღაც ტიპს თქვენს წინააღმდეგ, თქვენ პრობლემებს შეგიქმნიდათ, მაშინ უნდა ამდგარიყავით წელიწადნახევრის წინ და აგეტეხათ ამბები, მიგემართათ სასამართლოსთვის მესამე პირად ჩართვის მოთხოვნით და ა.შ. რაც თქვენ არ გაგიკეთებიათ! ხოლო მაშინ, როცა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და დაავალა იუსტიციის სამინისტროს ამ ვიღაც ტიპის პარტიის დარეგისტრირება და იუსტიციის სამინისტრომ უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დარეგისტრირება მოახდინა, ამაზე თქვენ ახლა გაგიჩნდათ პრეტენზია. ახლა როცა ამ რამოდენიმე კვირის წინ თქვენ, თქვენი პარტიის ხალხს დაავალეთ თქვენი პარტიის სახელში ცვლილების დარეგისტრირება, მათგან გიას არავინ დაკავშირებია და არაფერი უკითხავთ ისე შეიტანეს განცხადება იუსტიციაში. არც არანაირი კონსულტაცია არ გაუვლიათ. ის დეპარტამენტი, რომელმაც უარი გითხრათ თქვენი პარტიის სახელწოდებაში თქვენი სახელის და გვარის ჩამატებაზე, პირველი რომ გიას საკურატორო მიმართულებაში არ შედის, თუმცა ასეც რომ არ ყოფილიყო, რომც მის საკურატორო მიმართულებაში შესულიყო, გია გეწაძე მაინც ვერ დაავალებდა ოპერატორს დაერეგისტრირებინა ცვლილება თქვენი პარტიის სახელში, რადგან წარდგენილი დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილი!
ანუ ფაქტები გვიჩვენებს შემდეგს:
1 – ფაქტი არის ის, რომ პოროშენკოს ინტერესების საპირისპიროდ, იუსტიციის სამინისტრომ იმ თვითმარქვია ტიპს თავდაპირველ ეტაპზე არ დაურეგისტრირა პარტია. მათ მოუწიათ სასამართლოში წასვლა!
მე-2 – ფაქტი არის ის, რომ თქვენ თავის დროზე სასამართლო დავაში მესამე მხარედ ჩართვა არ მოგითხოვიათ.
მე-3 – ფაქტი არის ის, რომ იუსტიციის სამინისტროს, უმაღლესმა ინსტანციის სასამართლომ დაავალდებულა იმ ვიღაც ტიპის პარტიის რეგისტრაციაში გატარება და გააუქმა იუსტიციის სამინისტროს უარი მისი პარტიის დარეგისტრირებაზე.
მე-4 – ფაქტი არის ის, რომ არც-ერთ ოფიციალუარ უწყებას არ არ აქვს არსად უფლება უარი თქვას სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე.
მე-5 – ფაქტი არის ისიც, რომ თქვენ ამ ყველაფერზე გია გეწაძისგან მუდმივად ინფორმირებული იყავით თქვენი გუბერნატორად ყოფნის პერიოდიდან მოყოლებული, რადგან სწორედ იმ დროს ააღებინა იმ თვითმარქვია ტიპს თქვენი სახელით და გვარით პასპორტი ემიგრაციის უწყებაში პოროშენკომ. ხოლო რაც შეეხება თქვენი პარტიის სახელწოდებაში ცვლილების შეტანის დარეგისტრირებას,
მე-6 – ფაქტი არის ის, რომ მანდ თქვენი პარტიის ხალხს არ წარუდგენია თქვენი ოფიციალურად დადასტურებული თანხმობა პარტიის სახელში თქვენი სახელის დამატებაზე, რაც კანონის ცალსახა მოთხოვნაა, როგორც უკრაინის ისე საქართველოს კანონმდებლობით.
მე-7 – ფაქტი არის ის, რომ თქვენ პარტიას მოსთხოვა უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, წარადგინოს თქვენი ოფიციალური თანხმობა პარტიის სახელწოდებაში თქვენი სახელის დამატებაზე და ამ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ მოხდება პარტიის სახელში ცვლილების შეტანა.
მე-8 – ფაქტი არის ის, რომ თქვენ იურიდიულ საკითხებში კარგად ერკვევით (და არა მხოლოდ), და ძალიან კარგად გესმით ეს ყველაფერი, თუმცა საკუთარი პიარის გასაკეთებლად გინდათ გადაუაროთ ყველას და ყველაფერს!
მე-9 – ფაქტი არის ისიც, რომ თქვენი პრეზიდენტობის დროსაც, თქვენც რომ მოგენდომებინათ მსგავსი ნაძირლობის ჩადენა, რასაც პოროშენკო სჩადის დღეს თქვენთან მიმართებით, ამას თქვენც მშვენივრად შეძლებდით საქართველოში და ვერავინ გაგიბედავდათ თუნდაც იუსტიციის სამინისტროში უარის თქმას იმ პარტიის რეგისტრაციაში გატარებაზე, რომლის უკანაც თქვენი ინტერესი იქნებოდა (ჩემდა დიდად სამწუხაროდ). მანდ გაუბედეს! მაგრამ როცა უკვე სასამართლო და მისი გადაწყვეტილება ჩართო პოროშენკომ საქმეში, იქ იუსტიცია რომ უკვე უარს ვეღარ განაცხადებდა იმ პარტიის რეგისტრაციაზე, ესეც ფაქტია.
გასაგებია, რომ ვიღაცეებს მანდ თქვენ გარშემო და არა მარტო მანდ, გულზე ხვდებათ თავად რომ დღეს ბევრს ვერაფერს აკეთებენ (გასაგები მიზეზებისდა გამო), და ამ დროს გია გეწაძე საკმაოდ დიდ ქვეყანაში იუსტიციის სამინისტროში მიმდინარე რეფორმების პროცესს უდგას სათავეში და წარმატებებსაც აღწევს ამ სფეროში, და გიბიძგებენ მასთან დაპირისპირებისკენ, მაგრამ თქვენ ხომ უნდა გესმოდეთ, რომ საქმის კეთება მხოლოდ თქვენ უპირობო მხარდაჭერაში არ გამოიხატება, თუ მითუმეტეს კონკრეტულ სიტუაციაში სიმართლე თქვენ მხარეს არაა? საქმის კეთება სწორედ რომ კონკრეტული მნიშვნელოვანი საქმეების კეთებაა და არა მხოლოდ პიარზე გათვლილი განცხადებები, რამაც სხვათა შორის ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი რეფორმა შეიწირა და გადაიყოლა თავის დროზე ჩვენ ქვეყანაში.
დარწმუნებული ვარ რომ დღეს თქვენ არ მოგეწონებათ ეს მომართვა, მაგრამ ამაში მე დიდ პრობლემას ვერ ვხედავ. მე კვლავ ენმ-ის მხარდამჭერად მიმაჩნია თავი და სწორედ ამიტომაც მინდა აღარ დაუშვათ შეცდომები არც პოლიტიკაში და არც ადამიანებთან ურთიერთობაში. ბევრის მიმართ მინახავს და მომისმენია მსგავსი აღფრთოვანებით ნასაუბრები და მსგავსი შეფასებები, რაც დღეს თქვენიდან მოვისმინე დავით საყვარელიძის მისამართით, მაგრამ ახლა სად არიან ის ხალხი ამის ჩამოთვლას აღარ დავიწყებ, რადგან თქვენც კარგად მოგეხსენებათ. აქვე იმასაც კარგად ვაცნობიერებ, რომ შესაძლოა დღეს თქვენ ვერ დაინახოთ რა საჭიროა ჩემი მხრიდან ეს კრიტიკა და კრიტიკული აზრები თქვენი განცხადებების მიმართ, შესაძლოა გაბრაზდეთ კიდეც, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ ისე როგორც სხვა რაღაცეები, ასევე კრიტიკის მიუღებლობა გახდა საფუძველი თქვენი ხელისუფლების მიერ დაწყებული დიდი საქმეების გაფუჭებისა და საბოლოო ჯამში, ქვეყნის სათავეში მავნებელი, რუსების მონა და ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების მოღალატე ქოცების მოსვლისა. ბევრი რამ რაც 2012 წლის ბოლოდან მოხდა, წლების წინ თქვენთვის რომ ვინმეს ეთქვა, არ დაიჯერებდით და go fly რეაქცია გექნებოდათ, მაგრამ როცა უკვე წინ უამრავი მაგალითი გაქვთ შეცდომების დაშვებისა, მეტი დაფიქრება ურიგო არ იქნებოდა.
კრიტიკას რაც შეეხება, აქვე იმასაც გეტყვით, რომ მე თუ მკითხავთ, თქვენ თავად უნდა ზრუნავდეთ თქვენ მხარდამჭერებში კრიტიკული აზროვნების უნარის ჩამოყალიბებაზე, სიმართლესა და უსამართლობას შორის სხვაობის დანახვის უნარზე და ზოგადად ცნობიერების ამაღლებაზე, რადგან სწორედ მსგავსი უნარების არმქონე ადამიანებზე მუშაობდა, მუშაობს და იმუშავა ასევე 2012 წელს, რუსული სპეცსამსახურების მიერ გამოგდებულმა ე.წ. წამების კადრებმა, რომლის გამოგდების შემდეგაც სრული სტაგნაცია იყო ენმ-ის მხარდამჭერებში. მაშინ როცა, მთელ სოციალურ ქსელებში შავი ფარდები იყო ჩამოშვებული, ბევრისგან განსხვავებით მე იმავე საღამოს ტელეკომპანია კავკასიის ეთერში ელისაშვილის გადაცემაში ვსაუბრობდი იმ ვერსიებზე, თუ რა შეიძლებოდა მდგარიყო იმ კადრების უკან.
კარგად ვიცი ჩემ ამ მომართვას რა რეაქციებიც მოჰყვება “რა დროშა მოგვცა მიშამა” აზროვნებას რომ ვერ სცდებიან იმ ადამიანებისგან, მაგრამ ჩემთვის არასდროს ჰქონია მნიშვნელობა, თუ ვინ ან რას იფიქრებდა ჩემ გაკეთებულ განცხადებებზე და გამოთქმულ აზრებზე. საკუთარი აზრის და შეხედულებების გამოთქმა ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანად მიმაჩნდა და მიმაჩნია, და არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის ვინმეს არც კრიტიკა და არც ლანძღვა, რადგან ჩემთვის ნებისმიერი ადამიანის აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ყველაზე ღირებული მონაპოვარია კაცობრიობის ისტორიაში. რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს ვინმეს აზრი და გამოხატვის ფორმა, ეს პრინციპულად და კარგად მაქვს გააზრებული. ამიტომაც იყო რომ ქოცების, ფანატიკოსების, ფარისევლებისა და რა დროშა მოგვცა მიშამა ხალხის არმიის შემოტევა პრობლემას არასოდეს წარმოადგენდა და არც დღეს წარმოადგენს ჩემთვის. მე თუ მკითხავთ კარგიცაა ზოგჯერ მსგავსი რამ, რადგან რაღაც ეტაპზე ეს ადამიანებიც მიხვდებიან, რომ რომელიმე პოლიტიკოსის მხარდაჭერა აზროვნების უნარზე უარის თქმას სულაც არ ნიშნავს იმ პრინციპით, რომ დღეს მიშა პუტინს ებრძვის და ამიტომ თუ მიშა რამეში შეცდება, ამაზე თვალი უნდა დავხუჭოთ და პირში წყალი უნდა ჩავიგუბოთ. ასეთი აზროვნების ადამიანები, ზუსტად ვიცი, რაიმე ღირებულის შექმნას ვერასდროს შეძლებენ ჩემი ქვეყნისთვის.
პატივისცემით,
თეა თუთბერიძე
P.S. აქვე დავით საყვარელიძის მხრიდან ღალატზე აპელირებას და ხაზგასმას მინდა გამოვეხმაურო და ვურჩიო, რომ სანამ რამე განცხადებას გია გეწაძის ღალატზე მინიშნებით მაინც გააკეთებს, მანამდე პირში წყალი კარგად გამოივლოს! იმ ადამიანებსაც, ვინც ეს დღეებია დახურულ ჯგუფებში თუ გარეთ აჟიტირებულები ხართ და აღფრთოვანებას ვერ მალავთ, მინდა ვუთხრა, რომ დედამიწა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გარშემო არ ტრიალებს მიუხედავად მისი დამსახურებებისა. უკრაინის იუსტიციის მინისტრი ასევე გია გეწაძის მეგობარია და როცა იცი, რომ შენი ერთი მეგობარი, შენ მეორე მეგობართან არ არის მართალი, არ უნდა ადგე და დაიკიდო ის შენი მეგობარიც, მისი და შენი სიმართლეც, შენ მიმართ დაუმსახურებელი შეურაცხყოფაც და გენიოსი დავით საყვარელიძის რჩევით არ უნდა დაიმალო, იმის გამო რომ იმ შენ ერთ მეგობარს საკუთარი პიარის გასაკეთებლად ასე სურ! თუ გინდათ თქვათ, რომ პოლიტიკაში ადამიანობა, მეგობრობა, სიმართლის მხარდაჭერა და მსგავსი ურთიერთობები არ არსებობს? არა მეგობრებო, ასე არ შეიძლება მოქცევა. ასე მხოლოდ არაკაცები და ნაძირლები იქცევიან! ასე რომ არასერიოზულია და არ გამოგივათ გია გეწაძის მოღალატედ, შუაშისტად და ა.შ. წარმოჩენის მცდელობა და მსგავს აზროვნებას თუ ვერ გასცდებით, ვერც თქვენ მოიგებთ დიდ რამეს და მიშასაც დათვურ სამსახურს გაუწევთ მუდმივად.
P.S.p.s. ხო კიდევ, კურიერი რომ ობიექტურობის ნიმუშად ქცეულა ესეც კარგად დავინახე. ეგრე გააგრძელეთ, შორს წახვალთ! “,- წერს თეა თუთბერიძე.