ახალი ამბები მთავარი სამართალი

აფგან მუხტრალის საქმეზე არასამთავრობოები დღეს ევროკავშირის და აშშ-ს ელჩებს შეხვდებიან

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმის დეტალებთან დაკავშირებით დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩს იანოშ ჰერმანს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდებიან. საია-ის იურისტი სულხან სალაძე მუხტარლის ოჯახზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ჟურნალისტის გატაცების პროცესში შესაძლოა მონაწილეობა კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს მიეღოთ. სალაძის თქმით, აქედან გამომდინარე ჩნდება ეჭვები და იზრდება იმის საჭიროება, რომ გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად მთავარმა პროკურატურამ აწარმოოს.

„ჩვენ მოვუსმინეთ ჟურნალისტის მეუღლის განცხადება, რომელიც საუბრობს, რომ გამტაცებლებს ეცვათ კრიმინალური პოლიციის ფორმები. არ ვიცით ჩვენ, ეს ასე იყო თუ არა, მაგრამ თავისთავად ინტერესთა კონფლიქტის გამორცხვისთვის, აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება წარმართოს მთავარმა პროკურატურამ და არა შს სამინისტრომ,“ – დასძინა საიას იურისტმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკავშირის ელჩის შემდეგ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩსაც შეხვდებიან.

აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის აზერბაიჯანში გადაიყვანეს და დააკავეს. მას ბაქოს საქალაქო სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალისტს პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.

საქართველოს შსს-მ გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით აღძრა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

იტვირთბა....