ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან, -ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყება ლონდონში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ცხელი ხაზის ნომერსაც აქვეყნებს.

”ლონდონში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +44 7872 064830. ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50. ამ ეტაპზე ბრიტანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს. ქალაქის პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ შემდეგ ტერიტორიებზე გადაადგილებისაგან: London Bridge, Borough Market”-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ლონდონის პოლიციის ცნობით, ტერაქტის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 50-მდე ადამიანი. პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 3 თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ლონდონის ცენტრში თავდასხმების სერია განიხილება, როგორც “ტერორიზმის პოტენციური აქტი”.

3 ივნისს, საღამოს, ლონდონის ხიდზე, თეთრი ფერის მიკროავტობუსი ფეხითმოსიარულეებს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, ამის შემდეგ, ავტომობილიდან სამი “სამხრეთული” გარეგნობის ადამიანი გადმოხტა დაახლოებით 30 სანტიმეტრიანი დანებით ხელში და თავს დაესხნენ გამვლელებს. მიკროავტობუსი დაიძრა და სწრაფად მიიმალა ადგილიდან.

იტვირთბა....