აქტუალური თემა ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

„სცენარი დაწერილია, მღებრიშვილს წირავენ“ – „მეტრონომის“ წყარო სახელისუფლებო კულუარებიდან ინფორმაციას გვაწვდის

ნებისმიერი სცენარი, გარდა ობიექტური გამოძიებისა, მორიგი შავი ლაქა იქნება  საქართველოსთვის საერთაშორისო ასპარეზზე 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთალის საქმე სერიოზულ სახეს იღებს. ჟურნალისტის უფლებადამცველები ამბობენ, რომ სარჩელი საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ აუცილებლად შევა, „საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელმა ასოციაციამ“ კი წერილი „ევროპის ჟურნალისტთა ასოციაციის“ გავლით, ევროსაბჭოში გადაგზავნა. სანამ ქართველი ჟურნალისტები და არასამთავრობოები, ყოველდღიურად თბილისში საპროტესო აქციებს მართავენ, ქვეყნის პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ქართველი ძალოვანები ჟურნალისტის გაუჩინარებაში არაფერ შუაში არ არიან. სუს-ის შეფი ვახტანგ გომელაური ხელს შს მინისტრს, მღებრიშვილს აწმენდს და ამბობს, რომ მუხთალმა საქართველოს საზღვარი მწვანე სასაზღვრო ზოლის გავლით გადაკვეთა. შს მინისტრი, საპასუხოდ აცხადებს, რომ ამის შანსი ძალიან მცირეა, თუმცა შესაძლებელი. მოკლედ, ხელისუფლების საბოლოო საკენკი მოსახლეობისთვის არის გამოძიება, რომელსაც საზოგადოება უნდა დაელოდოს.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე თბილისში ნახეს. მოგვიანებით, ის აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საკმაოდ კრიტიკულად იყო განწყობილი თავისი ქვეყნის ხელისუფლების მიმართ.

Untitled

რა ხდება სინამდვილეში?

„მეტრონომის“ სანდო წყარო, რომლის ვინაობასაც მისივე თხოვნით და უსაფრთხოების მიზნით არ ვასახელებთ, ამბობს, რომ სცენარი, რომელსაც დღეს ახმოვანებენ ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რამდენიმე დღის წინ შეიქმნა.

წყარო საკმაოდ სანდოა. მას აქვს პერიოდული წვდომა ხელისუფლების შიდა-სამზარეულოსთან და აქვს საშუალება ინფორმაცია მიიღოს კულუარებიდან.

მისი თქმით, სცენარი საკმაოდ უხარისხოდ არის შეფუთული და იმიტომაც აჩენს ბევრ კითხვის ნიშანს. როგორც ის ამბობს, ძალიან რთული დასაჯერებელია ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც აფგან მუხთარლი იყო, მას თავისი ნებით გადაელახა საზღვარი, ან მსგავსი განზრახვაც კი ჰქონოდა.

„ეს თვითმკვლელობის ტოლფასია. რა თქმა უნდა ასეთი რამე შეუძლებელია და პირდაპირ გეტყვით, არც მომხდარა, რადგან აზერბაიჯანელ ჟურნალისტს საზღვრის გადალახვაში დაეხმარნენ“ – ამბობს „მეტრონომთან“ წყარო. ის აცხადებს, რომ ოპერაციაში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ და სკანდალის თავიდან აცილების მიზნით, წინასწარ დაწერილი სცენარის მიხედვით, მისთვის ფული უნდა ჩაედოთ და ზუსტად იმ ზემოთხსენებული მწვანე სასაზღვრო ზოლის გავლით აზერბაიჯანელი კოლეგებისათვის გადაეცათ. ასეც მოხდა. ახლა კი ხელისუფლება ელოდება არა გამოძიებას, არამედ საპროტესტო ტალღის ჩაწყნარებას…“ – ამბობს წყარო.

წყარო ამტკიცებს, რომ ხელისუფლების საბოლოო განზრახვა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გაიზრდება საპროტესტო ტალღის ტემპერატურა. თუკი საპროტესტო აქციებმა სერიოზული სახე არ მიიღო და ჩაწყნარდა, ჟურნალისტის გულშემატკივრები მხოლოდ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების იმედად უნდა იყვნენ, სადაც საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის შესახებ, ჟურნალისტის უფლებადამცველებმა უკვე დააანონსეს.

ციხე

„თუკი საპროტესტო ტალღა გაიზარდა, ხელისუფლება იძულებული იქნება რაღაც დათმობაზე წავიდეს და მე ზუსტად ვიცი, მაქვს ინფორმაცია, რომ სცენარი უკვე დაწერილია, გაწირეს მღებრიშვილი ანუ, თუ საპროტესტო ტალღა გაიზრდება მღებრიშვილი განწირულია. გამოდის, რომ სავარაუდო დამნაშავეს არ ეხებიან და ყველა ისარს შს მინისტრისკენ უშვებენ“ – ასეთ სენსაციურ განცხადებას აკეთებს წყარო „მეტრონომთან“.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ინფორმაცია შემოგდებულია მედიაში. ერთ-ერთი სააგენტოს ცნობით, პრემიერსა და შს მინისტრს შორის საკმაოდ დაძაბული საუბარი პოლიციის პროფესიული დღესთან დაკავშირებული ცერემონიალის დასრულების შემდეგ შედგა. ჩვენი წყარო ამბობს, რომ ასეთი სახის შეხვედრა არ შემდგარა. ის ამბობს, რომ ეს ინფორმაცია შემოგდებულია თავად ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლება ცდილობს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე დაიყვანოს მხოლოდ საზღვრის დარღვევის არგუმენტამდე, რომ იოლად გამოძვრეს საქმიდან.

ამიტომ, წყარო დარწმუნებულია, რომ მდგომარეობის გამწვავების შემთხვევაში განტევების ვაცის როლში მღებრიშვილი აღმოჩნდება. ამ გადაწყვეტილების აღსრულებას აიოლებს რამდენიმე ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციაც, რომ თითქოს, შს მინისტრის შესაძლო შემცვლელი უკვე ცნობილია და ის ანზორ ჩუბინიძე უნდა ყოფილიყო.

ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას თუ გავყვებით, ლოგიკურია, თუკი უსაფრთხოების სამსახურის შეფს, ვახტანგ გომელაურს შეეხებიან და მოხსნიან, ეს ნაწილობრივ იმის აღიარებას ნიშნავს, რომ მისი სამსახური ჩართული იყო აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცება-გადაყვანის საქმეში. ეს კი ხელისუფლებას არ აწყობს. ასე რომ, გამორიცხვის მეთოდითაც იოლი გასააზრებელია, თუ როგორ მივა ასეთ მარტივ გადაწყვეტილებამდე მმართველი პოლიტიკური ელიტა, როგორც ჩვენი წყარო ამბობს, დაწერილი სცენარი ტემპერატურის აწევის შემთხვევაში ამოქმედდება.

თავისუფლად შეგვიძლია პარალელი გავატაროთ ამასწინათ ატეხილ სკანდალზე თორდია-ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით. სკანდალი რამდენიმე დღე გაგრძელდა და  სულ ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მიხეილ ჩოხელმა თანამდებობა დატოვა. სავარაუდო მიზეზი კაფე ”ელ ცენტროში” ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას შორის მომხდარი ინციდენტია.  როგორც ირკვევა, მიხეილ ჩოხელი ინციდენტისას ოთარ ფარცხალაძესთან ერთად იმყოფებოდა.

“მე არაერთი წელია რაც ვარ საჯარო მოხელე, ვმუშაობდი ძირითადად სამართალდამცავ უწყებებში და კარგად ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. ამდენად, ვინაიდან მე მონაწილე ვარ ამ ინციდენტის, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის, იმისათვის რომ ჩრდილი არ მიადგეს საჯარო სამსახურს და კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რომლის თითოეული თანამშრომელი კეთილსინდისიერად ემსახურება ქვეყანას და ეს სამსახური ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მივიღე ჩემთვის საკმაოდ მტკივნეული გადაწყვეტილება და მიზანშეწონილად ჩავთვალე პირადი განცხადებით დამეტოვებინა თანამდებობა.”, – ნათქვამია მიხეილ ჩოხელის განცხადებაში.

ამასობაში, ნელ-ნელა საერთაშორისო წარმომადგენლობები ერთვებიან პროცესში. შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში უკვე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, აშშ ყურადღებით დააკვირდება ამ პროცესს და დამატებით ინფორმაციას საქართველოს მთავრობისაგან დაელოდება.

„ბრალდებები არის შემაშფოთებელი და ჩვენ გვჭირდება მეტი ინფორმაცია“ – აცხადებს იან კელი.

სანამ გამოძიება გრძელდება და ხელისუფლების ჩინოსნები საპროტესტო ტალღის ტემპერატურის პერიოდულ გაზომვას გეგმავენ, ჩვენი ქვეყნის იმიჯი სასწორის იმ პინაზე დევს, რომელზეც რამდენიმე წლის წინ, ევროპული სასამართლოდან უკვე დაიდო სანდრო გირგვლიანის საქმის სახით, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის პოზიტიური როლი არ უთამაშია. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეც თუ ამ პინაზე დიდხანს დარჩა, როგორი იქნება ევროპული სასამართლოს ვერდიქტი რთულად საწინასწარმეტყველო არ არის და ამით, ჩვენი ქვეყნისთვის გაჩნდება კიდევ ერთი შავი ლაქა, რომელიც კიდევ უფრო დაგვაშორებს ნანატრ ოცნებას – ვიცხოვროთ ევროპულ სახლში. ასე რომ, ქვეყნის ინტერესებს ზიანი რომ არ მიადგეს, გამოძიება კეთილსინდისიერად უნდა ჩატარდეს და დაისაჯონ რეალური დამნაშავეები.

ავტორი: გენო ჯოხიძე

იტვირთბა....