აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

„შევარდნაძისდროინდელი სცენარი, რომელიც ძალოვანებმა დღეს ერთი ერთში გაიმეორეს“

“თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა ოჯახს შევთავაზო, რომ თუ მათ სტრასბურგის სასამართლოში დახმარება დასჭირდებათ, მზად ვარ დავეხმარო” – ექსკლუზიური ინტერვიუ უფლებადამცველ ლია მუხაშავრიასთან

იურისტი ლია მუხაშავრია „მეტრონომთან“ ამბობს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტზე ოჯახმა სტრასბურგის სასამართლოში როგორც საქართველოს ასევე აზერბაიჯანის ხელისუფლებას უნდა უჩივლოს. მისი აზრით, თუ ოჯახი ამ საჩივარს შეიტანს, აუცილებლად მოიგებს, რადგანაც ნათლად ჩანს, რომ ჟურნალისტის დაკავებაში ორივე ქვეყნის სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ.

მუხაშავრია ამბობს, რომ ზუსტად იგივე სცენარია გათამაშებული, რაც 2002 წელს, ჩეჩენი ჟურნალისტების გატაცების და შემდეგ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მათი დაკავების შემთხვევაში მოხდა. მაშინ საქართველომ და რუსეთმა სტრასბურგის სასამართლოში საქმე წააგეს.

„მეტრონომი“: გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ოჯახი აპირებს, რომ საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში უჩივლოს, რადგანაც ფიქრობენ, რომ მის გატაცებაში და აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემაში ქართული სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ. რა სახის ზიანი მიადგება ამით ჩვენს სახელმწიფოს?

ლია მუხაშავრია: მე მოვუწოდებ ჟურნალისტის ოჯახის წევრებს და მეგობრებს, რომ როგორც საქართველოს ასევე აზერბაიჯანს სტრასბურგის სასამართლოში აუცილებლად უჩივლოს.

ჩვენ ვიფარებდით რეპრესიების საფრთხის მქონე ადამიანებს, რადგანაც მთელმა მსოფლიომ იცის, რომ აზერბაიჯანში ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით დევნიან და განსაკუთრებით მედიის წარმომადგენელებს.

სრულიად დაუშვებელია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, რომელსაც რეგიონში ევროპულ ღირებულებებზე პრეტენზიები აქვს, აზერბაიჯანის მოთხოვნას დაემორჩილა და თავი ამხელა საერთაშორისო სკანდალში გაყო.

– ზუსტად ანალოგიური შემთხვევა იყო ედუარდ შევარდნაძის დროს, როდესაც ჩეჩენი ჟურნალისტები საქართველოს ტერიტორიაზე დაიკარგნენ და შემდეგ რუსეთში აღმოჩდნენ. ამ ჟურნალისტებს მაშინ თქვენ იცავდით. ხედავთ მათ შორის მსგავსებას და ეს რაზე შეიძლება მიუთითებდეს?

– სამწუხაროდ რამდენიმე წლის წინ გათამაშებული სცენარი ჩვენმა ძალოვანმა უწყებებმა, ერთი ერთში გაიმეორეს. მაშინაც საქართველოს ტერიტორიიდან მოულოდნელად ჟურნალისტები დაიკარგნენ, რომლებიც შემდეგ რუსეთში საქართველო-რუსეთის საზღვრის უკანონო კვეთის გამო დააკავეს, ის ჟურნალისტებიც ზუსტად გივეს ყვებოდნენ, რომ ქვეყნიდან დაბურული ფურგუნით თვალებახვეულები გაიტაცეს და რუსეთის საზღვარზე რუსულ სპეცსამსახურებს გადასცეს.

მე ვამტკიცებ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტიც ჩვენმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს. სრულიად აბსურდია, რომ ქვეყნიდან გამოქცეული ადამიანი უკან თავისი ფეხით დაბრუნდეს.

ამიტომ საქართველოს, რომელსაც ჩეჩენი ჟურნალისტების საქმე უკვე წაგებული აქვს, ეს არ უნდა გაერისკა. მაშინ ჟურნალისტებმა საქართველოს და რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში უჩივლეს და ორივე ქვეყანას საქმე 2004 წელს მოუგეს.

გამოდის, რომ ძალოვან სტრუქტურებში არანაირი რეფორმა არ მომხდარა, რადგანაც რამდენიმე წლის წინ გათამაშებული სცენარი გამოიყენეს, რაც კატასტროფაა. ეს საქართველოს სახელმწიფოს თავს ჭრის და მის რეპუტაციას საერთაშორისო ასპარეზზე ანადგურებს.

ჩვენი ხელისუფლება, თავისი მოქალაქეების ნების და განწყობის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ეს არის სრულიად დასაგმობი ამბავი და გომელაურის უწყებას პასუხი უნდა მოეთხოვოს და მღებრიშვილზე მხოლოდ ხელების შეწმენდით არ უნდა ძვრებოდეს. მისი ვერსიით გამოდის, რომ ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროა. ორივე უწყების ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

– თქვენ ფიქრობთ, რომ თუ სტრასბურგის სასამართლოში ოჯახმა საჩივარი შეიტანა საქართველოს და აზერბაიჯანის წინააღმდეგ მას მოიგებს? მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც „რუსთავი 2“-ის  და გირგვლიანის საქმე განიხილება. რა  სახის სამართლებლივი პასუხისმგებლობა შეიძლება ჩვენს ქვეყანას დაეკისროს?

– თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა ოჯახს შევთავაზო, რომ თუ მათ სტრასბურგის სასამართლოში დახმარება დასჭირდებათ, მზად ვარ დავეხმარო, რადგანაც მსგავს საქმეზე გამოცდილება მაქვს. ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ნატოს მისწრაფებების და ევროპული ღირებულებების ქვეყანა კი არა, საკუთარი ქვეყნიდან დევნილ ჟურნალისტს იტაცებენ და მის მდევნელს აბარებენ. არღვევენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებულ კანონებს. ეს ხომ კერძო პირს არ გაუკეთებია? ოჯახის მხრიდან, პირველ რიგში, მოთხოვნილი უნდა იყოს, რომ სტრასბურგის სასამართლომ აზერბაიჯანს მოსთხოვოს, ეს ადამიანი პატიმრობაში არადადამიანური მოპყრობის, დამცირებისგან და წამებისგან დაცული იყოს. მას შესაძლებლობა ჰქონდეს თავის ადვოკატთან და უფლებადამცველებთან კომუნიკაციის.

ასეთი გარანტიების არსებობა უზრუნველყოფს, რომ ეს ადამიანი წამებისგან დაცული იყოს. ხოლო როცა საქმის განხილვა დასრულდება და გადაწყვეტილება გამოვა, ჟურნალისტს მიეცემა კომპესაცია, როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის მხრიდან.

ასევე ამ გადაწყვეტილებას მთელი მსოფლიო წაიკითხავს და საქართველოს იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე შეირყევა. საქართველოს მიმართ ყველა ნდობას დაკარგავს და მას სახელი შეელახება. თანხაზე უფრო მნიშვნელოვანი ის დადგენილება იქნება, რომლის მიხედვითაც სტარსბურგის სასამართლო დაადგენს, რომ საქართველომ ევროკონვენცია დაარღვია.

ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....