შსს-ში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა გერმანიის ელჩმა ჰაიკე რენატემ. შეხვედრა აზერბაიჯანელი ჯურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობდა.
“ამ ფაქტმა შეშფოთება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში, ისევე როგორც ჩვენს დედაქალაქებში და ჩვენს საზოგადოებაში. ძალიან ვაფასებთ, რომ საქართველოს მთავრობამ გამოიჩინა ინიციატივა, მოიწვია ელჩები და საქმის კურსში ჩააყენა მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. გვითხრეს, რომ გამოძიება გრძელდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს ეს გამოძიება და გაასაჯაროოს ფაქტები, თუ რა მოხდა რეალურად. იმედი გვაქვს, გამოძიების შედეგები, რაც შეიძლება სწრაფად გახდება ცნობილი”, – განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰაიკე რენატემ.
შსს-ში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატირებული კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. უცხოელ დიპლომატებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები იოსებ გოგაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე მასპინძლობდნენ. შეხვედრას აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩი ჰაიკე რენატე ფეიჩი, შვედეთის სამეფოს ელჩი -მარტინა ქვიკი, იტალიის რესპუბლიკის ატაშე – მასიმო მოსონი, ლიტვის, უნგრეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, ბულგარეთის, ესტონეთის, დიდი ბრიტანეთის, ჰოლანდიის, სლოვაკეთის და სხვა ქვეყნების
საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე თბილისში ნახეს. მოგვიანებით, ის აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა.