“მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ საქართველოს საზღვარი დაცულია მაქსიმალურად, დასავლური სტანდარტების შესაბამისად”, – ამის შესახებ ჟურნალსიტებს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა დათო ნიკოლეიშვილმა შსს-ში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომელიც აზერბაიჯანელი ჯურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობდა.
ნიკოლეიშვილის თქმით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გამოძიებასთან დაკავშირებით შუალედური ინფორმაცია მიაწოდეს.
”აზერბაიჯანის მოქალაქის, აფგან მუხთარლის საქმეზე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე და საერთაშორისო თანამეგობრობის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ შევხვდით დიპლომატიურ კოსპურსს, რომელთაც გამოძიებასთან დაკავშირებით მივაწოდეთ შუალედური ინფორმაცია. გამოძიება აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს ყველა ის მოქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. მინდა ვთქვა, რომ ის აჟიოტაჟი, რომელიც გამოწვეულია საზოგადოებაში, სულ მცირე უტრირებულია. ჯერ ძალიან ადრეა ისეთი უაპელაციო განცხადებების გაკეთება, რომ საქართველოში რომელიმე ოფიციალურმა ჯგუფმა გაიტაცა მოქალაქე. ეს მხოლოდ ემსახურება იმას, რომ მოხდეს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტება. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ საქართველოს საზღვარი დაცულია მაქსიმალურად დასავლური სტანდარტების თანახმად. ეს სტანდარტები პოლიციურ პატრულირებას მოიცავს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თეორიულად საზღვრის უკანონო გადაკვეთის რისკები არ არსებობს. ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში არსებობს ალბათობა, რომ ადამიანმა უკანონოდ გადაკვეთოს ე.წ. მწვანე საზღვარი”, – განაცხადა დათო ნიკოლეიშვილმა.
შსს-ში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატირებული კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა დახურულ კარს მიღმა საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. უცხოელ დიპლომატებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები იოსებ გოგაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე მასპინძლობდნენ. შეხვედრას აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩი ჰაიკე რენატე ფეიჩი, შვედეთის სამეფოს ელჩი -მარტინა ქვიკი, იტალიის რესპუბლიკის ატაშე – მასიმო მოსონი, ლიტვის, უნგრეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, ბულგარეთის, ესტონეთის, დიდი ბრიტანეთის, ჰოლანდიის, სლოვაკეთის და სხვა ქვეყნების
საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე თბილისში ნახეს. მოგვიანებით, ის აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა.