„აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, მათ უთვალთვალებენ მანქანებიდან, რომლებსაც აზერბაიჯანული ნომრები აქვთ. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურები არ აქცევენ ამას სათანადო ყურადღებას“ – განაცხადა დღეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გამართულ აქციაზე თბილისიდან გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ცოლმა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სათანადო ყურადღება მიაქციონ აღნიშნულ ფაქტს.
აქციას მართავდნენ ქართველი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები. მათ ეჭირათ ტრანსფარანტები წარწერით: „საკმარისია ალიევის მორჩილება, პატივი ეცით კანონს, თავისუფლება აფგან მუხთარლის“, „საქართველო, სად არის მართლმსაჯულება?”, “რამდენი ტონა ნავთობი ღირს თავისუფლება?“ და ა.შ. მათ თავზე ცელოფნის პარკები ჰქონდათ ჩამოცმული და ამ ფორმით აპროტესტებდნენ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან აზერბაიჯანში გატაცების ფაქტს, რადგან როგორც მუხთარლის ადვოკატმა განაცხადა, ჟურნალისტს თავზე ტომარა ჩამოაცვეს და დაახლოებით 2 საათის განმავლობაში მანქანით, გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავდათ. აქციის მონაწილეები სუს-თან სასტვენებით იყვნენ მისულები.
მუხთარლის მეგობარმა, აზერბაიჯანელმა უფლებადამცველმა, ჟურნალისტმა და საქართველოში პოლიტდევნილმა ვიდაძი ისგენდეროვმა განაცხადა, რომ საქმე მხოლოდ აფგანს არ ეხება, აქ უამრავი ჟურნალისტია. ის მოითხოვს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური თანამდებობიდან უნდა გადადგეს.
„ან საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ვერ მოქმედებს სათანადოდ ან ისინი უუნარონი არიან აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან. აღნიშნული ფაქტის სათანადოდ გამოძიებას მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან. თქვენმა მინისტრმა, რომელმაც განაცხადა, რომ აფგან მუხთარლი დააკავეს ე.წ. მწვანე ზოლში, ის დამნაშავეა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის ან არაპროფესიონალია, ან გადასცა აზერბაიჯანის მხარეს ჟურნალისტი. მან შეარცხვინა საქართველო. ჩვენ მის გადაყენებას ვითხოვთ“ – განაცხადა აზერბაიჯანელმა უფლებადამცველმა და პოლიტდევნილმა ვიდაძი ისგენდეროვმა.
„რესპუბლიკელი“ თამარ კორძაია აცხადებს, რომ ის, რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში ტრიალებს, ტრაგიზმია.
„უნდა დადგეს ამ ქვეყანაში დღე, როდესაც თანამდებობის პირები იგრნობენ პასუხისმგებლობას რევოლიციის გარეშე და გადადგებიან. მისი პროფესიული საქმიანობის გამო მუხთარლის ემუქრება 7 წელი პატიმრობა. ამაზე მეტი სირცხვილი არ შეიძლება. უნდა დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი. დღეს საქართველოს რეპუტაცია სერიოზულად შერყეულია“ – აღნიშნა „რესპუბლიკელმა“ თამარ კორძაიამ.
აქციის მონაწილე ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სუს-ის უფროსის სახელზე განცხადება დაწერეს. ისინი ვახტანგ გომელაურისგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხების გაცემას მოითხოვდნენ:
„მოვითხოვთ სუსის უფროსისგან, რომ გვიპასუხოს კონკრეტულ შეკითხვებზე, – თუ როგორ აღმოჩნდა ერთ მშვენიერ დღეს, საქართველოში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ბაქოში, პატიმრობაში“ – განუცხადა „მეტრონომს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის“ ხელმძღვანელობამ, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ საპროტესტო აქციაზე, უკვე გააგზავნეს საპროტესტო წერილი ბელგიაში, „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციასა“ და „ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციაში“. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ ორივე ამ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელია საქართველოში.
ასოციაციის პრეზიდენტმა, ზვიად ფოჩხუამ ევროპიდან პასუხი აქციაზევე მიიღო. როგორც მან „მეტრონომთან“ განაცხადა, „ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია“ ევროსაბჭოში უკვე გზავნის წერილს, რომლის შინაარსიც მთლიანად არის აგებული „საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის“ მიერ გაგზავნილ წერილზე.
ფოჩხუას თქმით, ევროსაბჭო სულ მალე გააკეთებს შესაბამის განცხადებას და მიმართავს შესაბამის უწყებებს მოხდეს სწრაფი და სათანადო რეაგირება მომხდართან დაკავშირებით.
აქცია ხვალ კვლავ გაიმართება. ამჯერად, თბილისის პარლამენტის ყოფილ შენობასთან 11 საათზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ის მხოლოდ კაბინეტში არ ზის და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების შესახებ ყველანაირი სახის ინფორმაციას აგროვებს.
„თქვენ როგორ ფიქრობთ, ვსხედვართ კაბინეტებში და არც ჩანაწერები ამოგვიღია, არც არავინ დაგვიკითხავს, ანუ საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაგვიტარებია? პირველ რიგში, სწორედ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესშია, ამ საქმეზე არავითარი კითხვა არ დარჩეს.
გამოძიებით დადგინდება ფაქტობრივი გარემოებები და ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი გაეცემა, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და თავი შევიკავოთ წინასწარი დასკვნების გამოტანისგან. ყველა საგამოძიებო მოქმედებას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ვერ გამცნობთ დაუყოვნებლივ. უნდა დაელოდოთ გამოძიების დასრულებას. პერიოდულად მოგეწოდებათ ინფორმაცია გამოძიების შედეგებზე“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ალბათობა იმისა, რომ საზღვრის რომელიმე წერტილი ადამიანმა შეიძლება მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს, დაბალია, მაგრამ ამის დაშვება მაინც შეიძლება.
„საქართველოს სასაზღვრო პოლიცია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კონტროლს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. აღნიშნული სტანდარტი გულისხმობს გამშვები პუნქტების გარდა ტერიტორიების ე.წ. მწვანე ზოლის მორიგე ჯგუფების მიერ კონტროლს.
ალბათობა იმისა, რომ საზღვრის რომელიმე წერტილი ადამიანმა შეიძლება მესაზღვრის გვერდის ავლით გადაკვეთოს, დაბალია, მაგრამ ასეთი შემთხვევა შეიძლება მაინც მოხდეს. როგორც აღმოჩნდა, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა სწორედ ასე მოახერხა საზღვრის გვერდის ავლით, საქართველოს დატოვება. ამ ეტაპამდე ეს არის საქმეში არსებული ერთადერთი ოფიციალური და სამართლებრივად გამყარებული გარემოება“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
საბაილსკის რაიონულმა სასამართლომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.
მუხთარლის ახალი ბრალდება წარედგინა – ძალის გამოყენებით მესაზღვრის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა. თავად მუხტარლის თქმით, სასაზღვრო პოსტზე მიყვანამდე მას მესაზღვრე არ უნახავს.
აღსანიშნავია, რომ სასამართლოსთან ჟურნალისტს სამოქალაქო აქტივისტების დიდი ჯგუფი აპლოდისმენტებით მიესალმა.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე თბილისში ნახეს. მოგვიანებით, ის აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საკმაოდ კრიტიკულად იყო განწყობილი თავისი ქვეყნის ხელისუფლების მიმართ.
ავტორი: ნინო ცხადაია