ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ლავროვი მოსკოვიდან იტყვის… ლავროვი მართალი იქნება”

სამხედრო ანალიტიკოსი ირაკლი ტაბლიაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების თემაზე პოსტს აქვეყნებს, რომელიც თვლის, რომ რუსული მხარე საქართველოში მომხდარ ფაქტს სათავისოდ გამოიყენებს.

“რუსეთს სურს ვითარების ისე წარმოჩენა, რომ საქართველო არაფერს იმსახურებს – არც ასოცირების ხელშეკრულებას, არც უვიზო რეჟიმს, არც ნატოსთან დაახლოებას და, მით უფრო, არც ევროკავშირ-ნატოს წევრობას.

ჩვენ ვფაფხურობთ და, ამ ფაფხურის შედეგად, ჩვენ უკვე მოგვცეს ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო რეჟიმი… არსებითი პაკეტი, ასპირანტი ქვეყნის სტატუსი და არმიის თავსებადობაზე, შავი ზღვის გაძლიერებაში ჩვენ როლზე და მეტ ინტეგრაციაზე გვესაუბრებიან.

ჩვენ არ ან ნაკლებად მივდივართ ევროატლანტიკური სივრცისკენ, უფრო ზუსტად, ფაფხურს ვერ ვცდებით… აი, ევროატლანტიკური სივრცე კი თავად მოდის ჩვენსკენ… და მრავალი მიზეზის გამო, ჩვენ მას ზურგს ვერ ვაქცევთ… ღიად ვერ ვეუბნებით, რომ ჩვენ სულაც არ გვინდა ეს ნატო-ევროპა… ანუ იმას, რასაც ვფიქრობთ.

რუსეთი აქტიურად მუშაობს ყველგან, მათ შორის, ჩვენ სპეცსამსახურებში. ის ნერგავს საკუთარ აგენტურას და იერარქიულ საფეხურებზე გადაწყვეტილებათა მიმღებ დონემდეც კი ახერხებს ამას.

აფგან მუხტარლის გატაცება-ჩაბარება და ჯურღმულებში გამომწყვდევა არის საქართვეოლოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა იმიტომაც, რომ მან – ხელისუფლებამ თანამდებობებზე არ/ვერ დანიშნა იმგვარი პირები, რომლებიც ოსტატურად აიცილებდნენ აზერბაიჯანის სავარაუდო მოთხოვნას მისთვის მიუღებელი პირის დაკავების თაობაზე… ანუ, თავად ხელისუფლებამ, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ითამაშა არადემოკრატიული, ადამიანის უფლებათა შემლახავი, არადემოკრატიული აზერბაიჯანისთვის მისაღები და, შესაბამისად, ევროპისათვის მიუღებელი, ანუ, არაევროპული და, შესაბამისად, რუსული თამაში.

კოლექტიური ლავროვი მოსკოვიდან იტყვის:

“შეხედეთ როგორი ქვეყანაა საქართველო… მის ტერიტორიაზე იტაცებენ პირებს და გადასცემენ სხვა ქვეყანას… ამას აკეთებს ან ამ სხვა ქვეყნის სპეცსამსახური (რაც ერთი დიდი კატასტროფაა სახელმწიფოსათვის), ან თავად საქართველოს სპეცსამსახური (რაც არანაკლები კატასტროფაა)… მე გეკითხებით – იმსახურებდა საქართველო უვიზო რეჟიმს? მე გეკითხებით – იმსახურებს საქართველო ნატოსთან დაახლოებას?”

ლავროვი “მართალი” იქნება!

ახლა კი მე გეტყვით – ფაფხური აღარ გვიშველის.
ერთადერთი გამოსავალია, ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგებლებმა აიღონ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა… გადადგნენ… ხოლო მათ თანამდებობებზე მოსულებმა სინანული გამოთქვან მომხდარის გამო… გაემიჯნონ ამ პროცესს (შესტენონ წინამორბედებს) და აღარასოდეს გაიმეორონ მსგავსი.
ასე თუ გადარჩება იმიჯი, რომ ჩვენ ევროპული სახელმწიფო ვართ…რაც, რეალურად, არ ვართ!

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენზე იტყვიან, რომ მივდივართ აზერბაიჯანიზაციისკენ… და, შესაძლოა, თურქმენეთიზაციისაკენ.

და უკან მოგვრჩება ნატოს საპარლამენტო ასამბლეაც… მისი დეკლარაციაც… ალიანსზე ოცნებაც და ყველაფერი ერთად. წერტილი”!

იტვირთბა....