ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ლურჯი ვეშაპი არანაირი თამაში არ არის და მხოლოდ თვითდაზიანებაა”

საქართველოს განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, თამაში “ლურჯი ვეშაპი” არანაირი თამაში არ არის და ის მხოლოდ თვითდაზიანებაა, რომელსაც ბავშვები მიმართავენ. მისი თქმით,  საკითხის პოპულარიზაცია არ უნდა მოხდეს და მის მიმართ ინტერესი ბავშვებსაც ნაკლები ექნებათ.

ის ჟურნალისტებს თხოვნით მიმართავს, რომ რეიტინგის დევნაში  ბავშვების დაღუპვას ხელი არ შეუწყონ.  ალექსანდრე ჯეჯელავას განმარტებით, ამ კუთხით რაიმე სახის კამპანიას სამინისტრო არ აპირებს, გამომდინარე იქედან, რომ უკუშედეგი და თემის პოპულარიზაცია არ მოხდეს.

„მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ ამ საკითხზე მინიმალურად მოხდეს საუბარი, იმიტომ რომ შეიძლება ამ თემის პოპულარიზაცია მოხდეს. ძალიან ყურადღებით ვართ, სამართალდამცველებთან ერთად ყველა შემთხვევას ვიძიებთ და რაც ნაკლები გაშუქება იქნება, მით უფრო დავიცავთ ბავშვების ინტერესებს. თვითდაზიანების ფაქტები სულ ხდება, ხან ერთი მიზეზით, ხან – მეორე. ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას“, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს მოზარდებში გახშირებული სუიციდის ფაქტებმა, გააჩინა მოსაზრება, რომ არსებობს ინტერნეტ თამაში სახელწოდებით “ლურჯი ვეშაპი”, რომელიც მოზარდებს თვითმკვლელობას აიძულებს.

იტვირთბა....