შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ თამაშზე, ე.წ. “ლურჯ ვეშაპი” განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიებაა დაწყებული, რომლის ინტერესია, იმ გარემოების დადგენა, თუ რამდენად არის შემხებლობაში ინტერნეტში გავრცელებული თამაში ქართულ ინტერნეტსივრცესთან.
“უკანასკნელ პერიოდში საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ინტერნეტსივრცეში გავრცელებული თამაში „ლურჯი ვეშაპი“, რომლის ძირითად მომხმარებლებს არასრულწლოვნები წარმოადგენენ. აღნიშნული თამაში გავრცელებულია რუსეთში, დიდ ბრიტანეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. თამაშის პრინციპის თანახმად, მოთამაშე ე.წ. კურატორისგან ეტაპობრივად იღებს რამდენიმე ათეულ, სხვადასხვა შინაარსის დავალებას, რომლებიც შესაძლოა, შეიცავდეს თვითდაზიანების მიყენების მოწოდებასაც.
თამაშის დასასრულს, მოთამაშეს „კურატორი“ აძლევს უკანასკნელ დავალებას, სადაც ის პირდაპირ მოუწოდებს მას თვითმკვლელობისაკენ, რაც, ხშირ შემთხვევაში, მოთამაშის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან ფატალური შედეგით სრულდება.
მასმედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკანასკნელ პერიოდში აღნიშნულმა თამაშმა საქართველოს ტერიტორიაზეც მოიკიდა ფეხი. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს და სსკ-ს 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონო გამოყენებას გულისხმობს.
გამოძიების მთავარ ინტერესს წარმოადგენს იმ გარემოების დადგენა, თუ რამდენად არის შემხებლობაში ინტერნეტში გავრცელებული თამაში ქართულ ინტერნეტსივრცესთან.
დანაშაულის პრევენციის მიზნით, შს სამინისტრო მოუწოდებს ინტერნეტმომხმარებლებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი აღნიშნულ თემაზე ინფორმაციის ფართოდ გავრცელებისგან, რამაც, შესაძლოა, თავის მხრივ, მოზარდებში აღნიშნული თამაშის პოპულარიზაციას შეუწყოს ხელი”- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიერ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში 12 წლის გოგო სიმაღლიდან გადმოხტა. მათი ინფორმაციით, 12 წლის მოზარდის მიერ აღნიშნული ქმედება სწორედ თამაშ “ლურჯ ვეშაპს” უკავშირდება.